
JRC-ის წევრი და პარტნიორი რეგიონული მედიის წარმომადგენლები სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს დაესწრნენ
წელს ფორუმმა სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა დემოკრატიის თანამედროვე გამოწვევებისა და მისი მომავლის შესახებ მსჯელობისთვის.

რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დისკუსიებმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, საინფორმაციო გარემოს ტრანსფორმაციას, ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობას შეეხებოდა.
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარისა და ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელის, გერმანე სალიას განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, ადგილზე გაცნობოდნენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მედია სტარტაპებსა და ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც ჟურნალისტიკის მომავალს ცვლის.
„განსაკუთრებით საინტერესო იყო შესაძლებლობა, უშუალოდ გავცნობოდით AI მედია სტარტაპებს და დაგვენახა, როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ჟურნალისტიკაში. ამასთან, მომავლის სიმულაციებზე მუშაობამ საშუალება მოგვცა, სხვადასხვა პერსპექტივიდან შეგვეხედა მედიისა და დემოკრატიის განვითარების შესაძლო სცენარებისთვის“, — აღნიშნა გერმანე სალიამ.
მისი შეფასებით, მსგავსი საერთაშორისო გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული მედიისთვის, რომელიც შეზღუდული რესურსების პირობებში ცდილობს ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციას, აუდიტორიასთან კავშირის გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას.
ფორუმის ფარგლებში განხილულმა საკითხებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ მედიის მომავალი მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებაზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკის სანდოობა, დამოუკიდებლობა, მოქალაქეთა ჩართულობა და ცვალებად საინფორმაციო გარემოში დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნება.
JRC-ის წევრი და პარტნიორი რეგიონული მედიაორგანიზაციებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური პრაქტიკის გაცნობა და პროფესიული კავშირების განვითარება თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.