
JRC-ის დამფუძნებელი ნათია კუპრაშვილი კიშინიოვის მედია ფორუმზე AI ვორქშოფს გაუძღვება
ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) დამფუძნებელი და DW Akademie-ს ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების ექსპერტთა ქსელის წევრი ნათია კუპრაშვილი კიშინიოვში, მოლდოვის მედია ფორუმზე, მცირე რედაქციებისთვის განკუთვნილ AI ინსტრუმენტებს წარადგენს. ფორუმი 7–8 დეკემბერს გაიმართება.

ფორუმის პირველ დღეს, 7 დეკემბერს, 14:30–16:00 საათზე, კუპრაშვილი სერჰი კოსტენკოსთან ერთად გაუძღვება ვორქშოფს „AI ინსტრუმენტები მცირე რედაქციებისთვის“ (Smart AI Tools for Small Newsrooms). 90-წუთიან სესიაზე ისინი წარადგენენ ორ პროდუქტს, რომლებიც კოლეგებთან ერთად DW Akademie-ს პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს.
ვორქშოფი მცირე სარედაქციო გუნდებისთვის პრაქტიკულ საკითხს ეხება: ყოველდღიური ჟურნალისტური ამოცანისთვის როგორ შეარჩიონ AI ინსტრუმენტი, რომელიც მათ დროს დაუზოგავს და რომლის შედეგის გადამოწმებასაც შეძლებენ. არჩევისას მნიშვნელობა აქვს ფასს, გამოყენების სიმარტივეს და იმასაც, რამდენად კარგად მუშაობს ინსტრუმენტი რედაქციის სამუშაო ენაზე.
ამავე მიმართულებით კუპრაშვილი მუშაობს J Navigator-ზე. პროექტის მიზანია, მცირე და რეგიონულ რედაქციებს გაუადვილოს ჟურნალისტურ ამოცანებზე გამოცდილი AI ინსტრუმენტების მოძიება და შედარება. DW Akademie-ს ექსპერტთა ქსელში ეს მუშაობა უკრაინის ადგილობრივი და ჰიპერლოკალური რედაქციების საჭიროებებზეა ორიენტირებული. DW Akademie