ახალი ამბები
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტანილი საჩივრის საფუძველზე ნათია კუპრაშვილი უწყებაში დაიბარეს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტანილი საჩივრის საფუძველზე ნათია კუპრაშვილი უწყებაში დაიბარეს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტანილი საჩივრის საფუძველზე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი და TOK TV-ის დამფუძნებელი ნათია კუპრაშვილი უწყებაში დაიბარეს.

მუქარისა და სისტემური დევნის გამო 4 ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს 9 მაისს მიმართა.

ნათია კუპრაშვილი უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტად იღებს სატელეფონო ზარებს უცნობი პირებისგან. უცნობი პირები მას ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ზარებს იღებს მისი ოჯახის წევრებიც. გვიან ღამით უცნობი პირი დაუკავშირდა ნათია კუპრაშვილის დედასაც და მისი შვილის “გაჩერება ურჩია”, მიანიშნა იმაზეც, რომ ნათიას ჰყავს შვილები, მეუღლე, ძმა და სჯობს, რომ კრიტიკულ განცხადებებს მოერიდოს.

მიუხედავად იმისა, რომ TOK TV-ს დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა მუქარის შესახებ და უცნობი ნომრებიც გაასაჯაროვა შსს მას ამ დრომდე არ დაკავშირება. მოკვლევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ მისი სარჩელის შემდეგ დაიწყო.

მის მიმართ აგრესიული კამპანია განსაკუთრებით, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გუშინწინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ბოიკოტს ნათია კუპრაშვილიც შეუერთდა.

“ვუერთდები სტუდენტებს. მეც ვერ ჩავატარებ სააუდიტორიო შეხვედრებს იმ უნივერსიტეტის კედლებში, რომელიც მინიმუმ არ იმჩნევს საკუთარ ასოცირებულ-პროფესორზე განგრძობით მუქარებს და ზეწოლას. მარტო მე ვერ გავიფიცები, ცხადია ” – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ნათია კუპრაშვილის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში დამამცირებელი პოსტითვე გამოეხმაურა იოსებ ჭუმბურიძე და ნათია კუპრაშვილის ავტორობით გამოცემულ წიგნში კორექტურ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება. იოსებ ჭუმბურიძე კულტურის სამინისტროს თანამშრომელია.

პოსტის კომენტარებში შეურაცხმყოფელ კომენტარებს ტოვებენ. მათ შორის არის პროსამთავრობო არხის POSTV-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილის კომენტარიც. პროსამთავრობო წარმომადგენლები კომენტარებშივე კამპანიურად ითხოვენ, რომ ნათია კუპრაშვილს ლექტორობის უფლება ჩამოართვან.

აღნიშნულს სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და გაფიცულ ლექტორებს კეთილსინდისიერება დაუწუნა. მსგავს მოთხოვნებს აჟღერებენ ამავე პოსტის ქვეშ კომენტარების ველშიც.