ახალი ამბები
დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან – JRC -ის თავმჯდომარე

დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან – JRC -ის თავმჯდომარე

ეს ორი დღის განმავლობაში მეოთხე შემთხვევაა, როდესაც უცნობი პირები ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარეს ტელეფონზე ურეკავენ და ემუქრებიან. საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტში მან ნომერიც დაწერა, რომლის გამოყენებითც უკავშირდებიან.

სოციალურ ქსელში მსგავსი შემთხვევის შესახებ ბევრი მოქალაქე წერს. მათი თქმით, თავდაპირველად უცნობი პირები ეკითხებიან აქვთ თუ არა წაკითხული ქართული ოცნების მიერ ” გამჭვირვალობის კანონად ” წოდებული რუსული კანონი, შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და მუქარაზე გადადიან.

JRC საკითხთან დაკავშირებით შსს დღესაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ და სიახლის შემთხვევას თავად დაგვიკავშირდებიან.

მოქალაქეები პოსტებში თავად ასაჯაროებენ მობილურის ნომრების, რომელთა საშუალებითაც მათი ვინაობის დადგენა შესაძლებელი უნდა იყოს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ზარების სიხშირის და ადრესატთა წრე აჩენს ვარაუდს, რომ მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით ხდება. ორგანიზაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მოუწოდებს შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა და დაინტერესდეს ამ საკითხით.

“ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება. მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, და, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია.” – წერს განცხადებაში.