მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი- აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა
“კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს -გახდეს ევროკავშირის წევრი” – აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ინიციირებას განცხადებით ეხმაურება.
პლატფორმის განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს – ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს.
განცხადების მიხედვით, პლატფორმა აჩერებს საქართველოს პარლამენტთან გაფორმებულ მემორანდუმსაც.
განცხადება სრულად:
„აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხით – აღარ დაბრუნდებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინფიცირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია. პირობის გატეხა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა.
ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი. კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი.
ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლას ჩვენ, როგორც ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დღემდე საქართველოს პარლამენტთან დიალოგითაც ვცდილობდით. სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი. მაგრამ დღეს ,,ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიციირება გვიჭრის გზას, როგორც თანამშრომლობისკენ, ისე ევროინტეგრაციისკენ.
საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას. მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი. მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს ინიციირებული კანონპროექტი. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის სადარაჯოზე.
ჩვენ ურყევად დავიცავთ დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, თანასწორობას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არავის მივცემთ უფლებას დაგვაკარგვინოს არაერთი თაობის ბრძოლით მონაპოვარი ევროპული მომავალი“,