ახალი ამბები
,,უცხოური აგენტების” შესახებ კანონის განახლებები რუსეთში სულ უფრო მეტ მედიას აჩერებს

,,უცხოური აგენტების” შესახებ კანონის განახლებები რუსეთში სულ უფრო მეტ მედიას აჩერებს

რუსეთში YouTube პროექტის “უთხარი გორდეევას” მუშაობა შეჩერდა-მიზეზი რუსეთის დუმის მიერ მიღებული კანონია, რომელიც კრძალავს რეკლამის განთავსებას იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების ბაზაზე, რომლებიც “უცხოეთის აგენტებად” არიან გამოცხადებული.

პროექტის წამყვანი კატერინა გორდეევა „უცხოეთის აგენტთა“ სიაში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის სექტემბერში შეიყვანა. პროექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია ტელეგრამაზე გაავრცელა თავად კატერინა გორდიევამაც.

„ამ კანონის მიღებამდეც, ანონიმური „კეთილმოსურნეები“ აქტიურად აშინებდნენ ჩვენთან რეკლამის განმთავსებლებს. დიდი მადლობა მათ, ვინც ჩვენთან მუშაობა განაგრძო… მაგრამ, ახლა რეკლამა ჩვენთან დანაშაულია. ძნელად დასაჯერებელია, რომ ვინმემ კვლავ გადაწყვიტოს რეკლამის განთავსება და რისკ ქვეშ დააყენოს საკუთარი ბიზნესი, საკუთარი თავი ან ახლობლები, ჩვენ ვწყვეტთ მუშაობას” – წერს გორდეევა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში გადაღებულია და მზად არის რამდენიმე ეპიზოდი, რომლებიც Youtube არხზე გამოქვეყნდება.

რა შეცვალა და დაამატა რუსეთის დუმამ კანონში- “უცხოეთის აგენტები” ?

სახელმწიფო დუმამ ცვლილებები კანონში მესამე მოსმენით მიიღო. ავტორი 395 დეპუტატი იყო, მათ შორის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი და ფრაქციის ლიდერები. კანონი კრძალავს რუსეთის მოქალაქეებისა და ადგილობრივ კომპანიების მიერ, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, განათავსონ ნებისმიერი რეკლამა უცხოური აგენტების რესურსებზე. აკრძალვა ვრცელდება ნებისმიერ პლატფორმაზე – ვებგვერდი, ბლოგი სოციალურ ქსელი და ა.შ. გარდა ამისა, აკრძალულია თავად უცხოელი აგენტების რესურსების რეკლამა მედიასა და ინტერნეტში.

რატომ იყო საჭირო კანონის ცვლილება დუმას მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში შემდეგ განმარტებას ვკითხულობთ:

„მრავალი არამზადა, რომლებმაც ეს თანხა მიიღეს, არ მალავენ, რომ თანხა მიმართეს კიევის ნაცისტური რეჟიმის დასაფინანსებლად, რომელიც კლავს ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებს და სამოქალაქო პირებს. კანონის მიღება შეაჩერებს ამ პრაქტიკას“, – აღნიშნა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

ტერმინი “უცხოური აგენტი” რუსეთის კანონმდებლობაში 2012 წელს გამოჩნდა. დროთა განმავლობაში ფართოვდებოდა სია ვინც “უცხოეთის აგენტი” შეიძლებოდა ყოფილიყო, ბაზა თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციების “კონტროლისთვის” შეიქმნა , თუმცა მოგვიანებით მას დაემატა ფიზიკური პირები, მედიასაშუალებები როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური.

კანონში გაჩნდა დამატებითი აკრძალვებიც, რომელთა მიხედვითაც „უცხოური აგენტები“ ვერ შეძლებენ ასწავლონ სკოლებსა და უნივერსიტეტებში, იმუშაონ საჯარო სამსახურში, იყვნენ საარჩევნო კომისიების წევრები და ნებისმიერი საჯარო ღონისძიების, მათ შორის საპროტესტო აქციების ორგანიზატორები. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღება, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და სტრატეგიულ რუსულ საწარმოებში ინვესტირება. „უცხოური აგენტების“ მიერ შექმნილი საინფორმაციო მასალები არ შეიძლება გავრცელდეს ბავშვებს შორის.

კანონი “უცხოეთის გავლენის აგენტების” შესახებ საქართველოში განიხილებოდა, სულ რაღაც ერთი წლის წინ. კანონის ინიციატორი “ხალხის ძალა” იყო. პარტნიორებისგან კრიტიკასთან ერთად კანონის განხილვას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის გამოც “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი გაიწვია.