FACT/FAKE
<strong>რას ნიშნავს EU2020-ის ლოგო და ვინ მანიპულირებს თემით?</strong>

რას ნიშნავს EU2020-ის ლოგო და ვინ მანიპულირებს თემით?

2022 წლის 21 ივნისს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ ფოტო გაავრცელა, სადაც ანგელა მერკელის ფოტოთი და EU2020-ის ლოგოთი მანიპულირებს. პოსტის მიხედვით, ლოგო “ორმაგსქესიანი სატანის ქანდაკებიდანაა აღებული და მისი გამოყენებით “გერმანია სატანისტური მსოფლიო რელიგიისკენ მიილტვის . 

“ახლა გასაგებია, თუ რატომ გვაიძულებენ სატანისტები გენდერულ დღის წესრიგს. ესაა მათი ორმაგსქესიანი სატანა, რომელსაც ასე ეთაყვანებიან და ასევე საზოგადოების დემორალიზების, დაშლის, ერთი სატანისტური მსოფლიო რელიგიისკენ მიილტვიან. მათ სურთ თავისნაირებად გვაქციონ, რათა დაუსჯელები დარჩნენ.” წერს ნიკა კობერიძე თავის Facebook გვერდზე და ამ ფოტოს აქვეყნებს. 

რეალურად რას ნიშნავს ლოგო? 

EU2020DE საიტზე დეტალურადაა განმარტებული ლოგოს შექმნის ისტორია, ასევე ნაჩვენებია თუ რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს მას. 

1 ივლისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანიის დევიზი ასე ჟღერდა: ” ერთად ევროპის აღდგენისთვის”. 

“ჩვენი რწმენა ევროპის ინოვაციური შესაძლებლობებისადმი ასევე აისახება ჩვენი პრეზიდენტობის ლოგოზე მისი გამორჩეული Möbius [მობიუსის] ზოლით – ძლიერი ჯგუფი, რომელიც სიმბოლოა ერთიანი ევროპისა.” – წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

რატომ შეირჩა ლოგოსთვის Möbius-მობიუსის ზოლი? 

მობიუსის ზოლი არის ცალმხრივი ზედაპირის კლასიკური მაგალითი ალგებრულ ტოპოლოგიაში. იგი მარყუჟის ფორმას იღებს, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი კიდე და ერთი მხარე, რაც შეუძლებელს ხდის მარყუჟის ზედა და ქვედა ან შიგნითა და გარედან გარჩევას.

მობიუსის ზოლის აღწერა პირველად 160 წელზე მეტი ხნის წინ, 1858 წელს დაიწერა, როდესაც ორმა გერმანელმა მეცნიერმა ასეთი ცალმხრივი ზედაპირი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა. ზოლს ერთ-ერთი მათგანის, ავგუსტ ფერდინანდ მობიუსის (1790-1868) სახელი ეწოდა. 

დღეს მობიუსის ზოლი მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში არ გვხვდება. ორგანზომილებიანი გრეხილი მარყუჟის ცნობილი გამოსახულებები შეგიძლიათ ნახოთ ვიზუალურ ხელოვნებაში, ფილმებში, ვიდეო თამაშებსა და ლიტერატურაში. მათემატიკური თვალსაზრისით, მობიუსის ზოლი, უსასრულო მარყუჟის სახით, არის არაორიენტირებადი მრავალფეროვნება. არ აქვს მნიშვნელობა საიდან იწყებ და რა მიმართულებით მიდიხარ, ყოველთვის ერთ მხარეს ასრულებ.

“ზოლი განასახიერებს ინოვაციურ და ინტეგრირებულ ევროპას, რომელშიც დიალოგი განსხვავებული ინტერესების შეჯერების მიზნით ქმნის იმას, რასაც ჩვენ ვიზიარებთ. ძლიერი ჯგუფი, რომელიც სიმბოლოა ერთიანი ევროპისა. ევროპა, რომელიც ფესვგადგმულია საერთო სოლიდარობის სულისკვეთებით.” 

ლოგოს შექმნის შესახებ საიტზე ვიდეოცაა გამოქვეყნებული. რომლის ნახვაც ამ ლინკზე შეგიძლიათ. 

ევროკავშირის საბჭოს გერმანიის თავმჯდომარეობის მიმოხილვა

Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა 

მრავალი ევროპელი მეცნიერის ძალისხმევის წყალობით,  შეიქმნა Covid-19-ის ვაქცინა და მსოფლიოს ქვეყნებში რეკორდულ დროში გავრცელდა.

COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ გერმანიამ მიიღო და მკურნალობდა 260-ზე მეტ ინტენსიური თერაპიის პაციენტს მეზობელი ქვეყნებიდან. 

ევროკავშირის აღდგენის ფონდი 

ევროკავშირმა მიიღო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (MFF) – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიუჯეტი მომდევნო შვიდი წლისთვის – ფრანკო-გერმანული წინადადების საფუძველზე და დაამტკიცა სახსრები მისი აღდგენისთვის COVID-19 პანდემიის შემდეგ. შემდეგი თაობის ევროკავშირის აღდგენის ფონდი შეადგენს 750 მილიარდ ევროს და არის ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის სწრაფი დახმარების გაწევას. ის ძირითადად მიმართულია COVID-19-ის პანდემიით და მისი შედეგებით განსაკუთრებით მძიმედ დაზარალებულ ქვეყნებზე.

კანონის უზენაესობის გაძლიერება

გერმანიამ წამოიწყო კანონის უზენაესობის შესახებ დიალოგი საბჭოში ევროკავშირის პარტნიორებს შორის მისი თავმჯდომარეობის პერიოდში. მისი მიზანია ევროკავშირში კანონის უზენაესობის საერთო გაგების კონსოლიდაციაა. „ჰორიზონტალურ“ დებატებში 27-ვე წევრმა სახელმწიფომ განიხილა ევროკავშირში კანონის უზენაესობის ზოგადი მდგომარეობა.

ევროკავშირი: ლიდერი კლიმატის ცვლილების შერბილებაში

2030 წლისთვის ევროკავშირს სურს შეამციროს CO2-ის ემისია მინიმუმ 55%-ით; 2050 წლისთვის ჩვენ გვინდა ევროპა გავხადოთ პირველი კლიმატის ნეიტრალური კონტინენტი. საბჭოს თავმჯდომარეობის დროს გერმანიის მთავრობა წარმატებით მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მიზნები შესრულდეს ევროპის კლიმატის კანონში.

ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების მოგვარების ერთგულება

ევროკავშირმა დაამტკიცა ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების წინააღმდეგ, როგორიცაა წამება, მონობა და სისტემატური სექსუალური ძალადობა.ამ ნაბიჯის მხარდასაჭერად განსაკუთრებით ბევრი იმუშავა გერმანიამ  ევროკავშირის შიგნით.

მედიაცია თანაბრად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარებისთვის; მაგალითად, ლიბიაში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შუამავლობით იქ სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გერმანიამ ასევე ხელი შეუწყო ამ ინსტრუმენტის ჩამოყალიბებას ევროპულ დონეზე მისი პრეზიდენტობის დროს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ახალ მედიაციის კონცეფციაზე.

ეს იმ მიმართულებების ნაწილია, რაზეც გერმანიამ თავმჯდომარეობის პერიოდში იმუშავა. უფრო ვრცლად პროექტების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ