2024 წლის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო JRC მიიღო – EAP
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო. მას, ჟურნალისტიკის რესურსცენტრს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 1200 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გადასცემს. დაჯილდოება ავსტრიაში, ვენაში გაიმართა.
“სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო” (Civil Society Award) 2018 წელს, 1 200-ზე მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოების ორგანიზაციამ დაარსა და მისი მიზანი სამოქალაქო ორგანზიაციების მხარდაჭერაა, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას, მათი ქვეყნების პილიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას და მოსახლეობის მხარდაჭერას.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა ჯილდო ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ ბრძოლისათვის, საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი მედიის დაცვისთვის მიიღო.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ:
• 2018 – დავით პეტროსიანი (სომხეთი)
• 2019 – Promo-LEX (მოლდოვა)
• 2020 – ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოება (ბელორუსი)
• 2022 – უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება (უკრაინა)
• 2023 – ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაცია (ბელორუსი)
• 2024 – ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (საქართველო)
„პროპაგანდას მხოლოდ ძლიერი ადგილობრივი ჟურნალისტიკის საშუალებით შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ. გასული თვის არჩევნებმა საქართველოში მკაფიოდ აჩვენა, ავტორიტარიზმისაგან დასაცავად პრესის თავისუფლების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, სადაც მედიას აკონტროლებენ რუსული პროპაგანდით გამსჭვალული ოლიგარქები. ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ერთად მუშაობენ, შეუძლიათ ცვლილებების მოტანა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებასა და დემოკრატიის მხარდასაჭერად“, – თქვა ნათია კუპრაშვილმა, JRC-ის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი 2009 წელს, ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა რამდენიმე დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად დააფუძნა. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება დეზინფორმაციასთან ბრძოლა, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა და რეგიონული მედიის გაძლიერებაა.
JRC ასევე დამფუძნებელია ერთადერთი რუსულენოვანი სატელევიზიო მაუწყებლის-TOK TV, რომელიც რუსული დეზინფორმაციის საპირწონედ შეიქმნა. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ასევე გახლავთ ინოვაციური ხელსაწყოს, მობილური აპლიკაციის Fact or Fake ავტორი.