
საქართველოს მატიანე – ფოტო
„საქართველოს მატიანეს” – კომპლექსის მშენებლობა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, ე.წ. გარდაქმნის — „პერესტროიკის“ პერიოდში დაიწყო. მონუმენტის სვეტებზე საქართველოს მეფეები, დედოფლები, ქვეყნის ისტორია და ქრისტიანული მემკვიდრეობა უნდა ასახულიყო, თუმცა საბჭოთა კავშირი მანამდე დაიშალა, ვიდრე კომპლექსი დასრულდებოდა. ის დღემდე დაუმთავრებელია, რის გამოც ზოგიერთი თბილისელი მას ირონიულად „არაშენდას“ უწოდებს.

ფოტოს გადაღების მომენტში მონუმენტს თავზე Wizz Air-ის თვითმფრინავი გადაუფრინდა. ამ ერთ კადრში საქართველოს ისტორიის ორი განსხვავებული ეპოქა და ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულება გაერთიანდა: ქვემოთ დგას დაშლილი საბჭოთა სამყაროდან შემორჩენილი დაუმთავრებელი მონუმენტი, მის ზემოთ კი მიფრინავს თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს.
2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა ბევრ ქართველს ევროპაში მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გაუხადა. ათასობით მოქალაქისთვის ევროპა აღარ იყო მხოლოდ პოლიტიკური მისწრაფება ან შორეული იდეა — ის იქცა სივრცედ, რომლის ნახვა და გამოცდილებაც თავად შეეძლოთ: სწავლის, პროფესიული კავშირების, ოჯახის წევრებთან შეხვედრის, კულტურის გაცნობისა თუ უბრალოდ მოგზაურობის მიზნით.
დღეს, როდესაც საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამ ფოტომ დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა. კადრი აღბეჭდავს არა მხოლოდ თბილისის თავზე გადაფრენილ თვითმფრინავს, არამედ ქვეყანას, რომელიც დაუმთავრებელ წარსულსა და იმ ევროპულ მომავალს შორის დგას, რომელიც მისმა მოქალაქეებმა საკუთარი თვალით უკვე ნახეს — და რომლის დაკარგვაც არ სურთ.