არის თუ არა ომეგა 3-ის მიღება საშიში ადამიანისთვის ? 

არის თუ არა ომეგა 3-ის მიღება საშიში ადამიანისთვის ? 

20 ივნისს Facebook მომხმარებელმა Fantina Georgian ვიდეო გაავრცელა, რომლითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს, ომეგა 3 ადამიანის ორგანიზმისთვის  საფრთხის შემცველია. 

რა ჩანს ვიდეოში? 

მამაკაცი ომეგა 3-ის კაფსულებიდან სითხეს პლასტმასის ქაფზე ასხამს, დროთა განმავლობაში კი ვიდეოში გვაჩვენებს თუ რა ემართება პლასტმასის ქაფს. ვიდეოს მიხედვით, პლასტმასის ქაფს დროის გასვლასთან ერთად ჩაღრმავებები უჩნდება, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. 

ვიდეოში კონკრეტულ ბრენდის ომეგა 3-ის კაფსულები ჩანს, იმის გასარკვევად არის თუ არა სახიფათო პრეპარატის მიღება და რა იწვევს რეაქციას, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ამ ბრენდს – Now food დაუკავშირდა. 

პასუხი Now food-დან

JRC-ის კითხვების საპასუხოდ კომპანიამ კვების განათლების უფროსი მენეჯერი, ნილ ლევინის განმარტება გამოგვიგზავნეს. განმარტების მიხედვით, პრეპარატი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და  პლასტიკური ქაფის კოროზია ომეგა-3 კაფსულით ნორმალურია. ამის ახსნა კი ასეთია: 

ომეგა 3-ში შემავალი თევზის ცხიმი და პლასტმასის ქაფი ორივე  არაპოლარულია, რაც ნიშნავს, რომ ნაერთში ელექტრონები თანაბრადაა განაწილებული და ის ჰიდროფობური ანუ წყალგამძლეა. იმ დროს კი როდესაც ორი არაპოლარული ნაერთი ერთად ხვდება ქიმიური რეაქციაც იწყება. 

განსხვავებული პოლარობის ნაერთები არ რეაგირებენ/ერევიან ერთმანეთს, ხოლო მსგავსი პოლარობის მქონე ნაერთები ერევიან. ასე რომ, ქიმიური რეაქცია ხდება მაშინ, როდესაც არაპოლარული ნაერთი შედის კონტაქტში სხვა არაპოლარულ ნაერთთან და ეს უფრო ადვილად, ხდება მაშინ, როდესაც ერთ ნივთიერებაში ქიმიური ბმების რაოდენობა მეორე ნივთიერებაში არსებული ქიმიური ბმების რაოდენობას ემთხვევა.

მაგალითისთვის, წყალი პოლარული ნაერთია, ზეთი არაპოლარული,  ამიტომ ისინი ერთმანეთს არ ერწყმიან. 

როგორც კომპანიამ ჩვენთვის გამოგზავნილ ოფიციალურ მეილში განგვიმარტა მსგავსი დეზინფორმაცია ქსელში აქამდეც გავრცელებულა. თემაზე მოკლვევა გაკეთებული აქვს leadstories.com– საც. მათ მიერ მომზადებული Factcheking მასალა სწორედ Now food-მა გაგვიზიარა. 

აღსანიშნავია, რომ აფთიაქებში ომეგა 3-ის ყიდვა ურეცეპტოდ შეგიძლიათ. გვერდითი მოვლენების შესახებ გრაფაში კი არსადაა საუბარი, რომ შეიძლება ომეგა 3 კუჭის გარსი დააზიანოს. მისი უკუჩვენება ასეთია: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

რატომ არის რეკომენდირებული ომეგა 3-ის მიღება მისი ანოტაციის მიხედვით.  ომეგა-3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას. ასევე, ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. პრევენციას უწევს თრომბის წარმოქმნის ალბათობას.  უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. ომეგა-3 შედის ფოტო რეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში და ადამიანს ეხმარება მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებაში.

ასევე, ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში.