ბიჭი ვანიდან – რატომ დააკავეს საბა მეფარიშვილი
“საბას სასამართლოზეც ეტყობოდა, რომ დაზიანებები ჰქონდა სახის არეში, გასაუბრების შემდეგ გვითხრა, რომ ფეხებშიც ურტყამდნენ. ის მიუთითებდა, რომ ერთ-ერთი ფეხი სტკიოდა და იქ არ დაერტყათ, მაგრამ პირიქით, როდესაც ის მიუთითებდა-ეს ფეხი მტკივა და აქ ნუ მირტყამთ, პირიქით, უფრო სისასტიკით ამ ლოკაციაზე ურტყამდნენ” – ამბობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი ანა გახოკიძე, რომელიც საბა მეფარიშვილს ინტერესებს იცავს.
საბა მეფარიშვილი პოლიციამ 16 მაისს აქციაზე 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დააკავა, რისთვისაც მას 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, პრობლემურია სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც ამ ახალგაზრდების წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ორგანიზაციის განცხადებით, უალტერნატივო სასჯელი – პატიმრობა 3-6 წლამდე სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების გამო შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, ღირსებისა და თანასწორობის უფლებასთან.