“ეს კანონი უნდა გაუქმდეს” – პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი განცხადებით, პარლამენტს ის დღესვე გადაეცემა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს.
“დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
რა ხდება შემდეგ?
პარლამენტი ჯერ ვეტოს საკითხს განიხილავს. ქართულ ოცნებას ვეტოს დასაძლევად საჭირო 76 ხმა უკვე აქვს. მესამე მოსმენით კანონს მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა.
ვეტოს დაძლევის შემდეგ პარლამენტი კანონპროექტს კენჭს ხელახლა უყრის. თუ პრეზიდენტი ხელს კვლავ არ მოაწერს კანონს, მაშინ კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს.