ახალი ამბები
„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები – ონლაინ მედიის განცხადება

„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები – ონლაინ მედიის განცხადება

“ნებისმიერი ჟურნალისტის და მათი ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას”- ონლაინ მედია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან ერთად განცხადებით ეხმაურება მედიის წარმომადგენლების სისტემურ დევნას, მათ პირად ნომრებზე დარეკვას და მუქარას.

განცხადების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის მიღებამდე დაიწყო რეპრესიული მეთოდების გამოყენება. განცხადებას ხელს 20 მდე მედია აწერს.

“ხელისუფლება ცდილობს დააშინოს და გააქროს ის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებიც მას ვამხელთ მასშტაბურ კორუფციაში, ნეპოტიზმში, გაუმჭვირვალობაში, რუსული გავლენების გაზრდაში, სისტემური დანაშაულების გამოუძიებლობაში და ა.შ. შექმნილი ვითარება – ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების შემცველი ქმედებები ხელს გვიშლის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში” – ვკითხულობთ განცხადებაში.

პირად ნომრებზე დარეკვისა და მუქარის გამო შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა 4-მა ჟურნალისტმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსული კანონის განხილვის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ეძლევათ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის მასაც ვისაც აკრედიტაცია აქვთ. შალვა პაპუაშვილი გადაწყვეტილებას, “უსაფრთხოების მოტივით” ხსნის.