“სერიოზულ შეშფოთებას იწვევს” – ევროკავშირი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის დაბრუნებას და ინიციირებას ეხმიანება
“სერიოზულ შეშფოთებას იწვევს” – ევროკავშირი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის დაბრუნებას და ინიციირებას ეხმიანება. განცხადების მიხედვით, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია და “ასევე გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის”.
“ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება, ხოლო ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ”- ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროკავშირის განმარტებითვე, „გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული“.
———
მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს განაცხადა, რომ ქართული ოცნება რუსული კანონის ინიციირებას გეგმავს . მდინარაძის თქმით, კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, გარდა ტერმინისა – „უცხოური გავლენის აგენტი“, რომელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ შეიცვლება. მდინარაძემ თქვა, რომ კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით იქნება მიღებული.
ფოტო: epc