შეაჩერა თუ არა მუშაობა უკრაინაში წითელმა ჯვარმა? 

შეაჩერა თუ არა მუშაობა უკრაინაში წითელმა ჯვარმა? 

2022 წლის 10 ოქტომბერს რუსულ მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, წითელი ჯვარი უკრაინაში მუშაობას წყვეტს. ამის დასამტკიცებლად მათ reuters სტატია მოჰყავთ. 

თუმცა, reuters-ის სტატიით ირკვევა, რომ რუსეთის მედიებმა ამჯერადაც მიმართეს პროპაგანდისტულ მანიპულაციას და დამალეს მთავარი –  სტატიის მიხედვით, რუსეთის მიერ რაკეტების გასროლამ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ჰუმანიტარული ორგანიზაციების ადგილზე მუშაობა შეაფერხა და არა სრულად გააჩერა. 

“თავდასხმების ტალღამ, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო რუსეთმა, გავლენა მოახდინა ჰუმანიტარულ ოპერაციებზე უკრაინის მასშტაბით, განსაკუთრებით შეაფერხა დამხმარე მუშაკების გადაადგილება და სასწრაფო დახმარების მიწოდება ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც ხალხს სასოწარკვეთილად სჭირდება დახმარება.” – ვკითხულობთ reuters -ის სტატიაში. 

ასევე გამოცემა წითელი ჯვრის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს იმასაც, რომ საველე სამუშაოები დროებითაა შეჩერებული, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს სამაგიდო მუშაობა. 

რას ამბობს წითელი ჯვარი? 

დამატებით, უკრაინის წითელი ჯვრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში წითელი ჯვრის მუშაობის შეწყვეტის თაობაზე დეზინფორმაცია ვრცელდება. 

” ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო, რომ წითელმა ჯვარმა შეაჩერა თავისი საქმიანობა უკრაინაში, გაცნობებთ:

❗️ უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოება უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ [10 ოქტომბერი] სარაკეტო თავდასხმებთან დაკავშირებით, მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში და ეხმარება დაზარალებულებს.

❗️ წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორები ასევე აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარონ.” – ვკითხულობთ განცხადებაში. 

ასევე, მათ Facebook გვერდზე ვხედავთ 11 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტსაც, რომლის მიხედვითაც, წითელი ჯვრის მოხალისეებმა ჟიტომირში შექმნეს გენერატორი, რომელიც უბნის მაცხოვრებლებისთვის  ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს უზრუნველყოფს. 

აღსანიშანვია, ისიც რომ წითელი ჯვრის განცხადებას გავრცელებული დეზინფორმაციის შეახებ,საკუთარ facebook გვერდზე აზიარებს უკრაინის წითელი ჯვრის გენერალური დირექტორიც მაქსიმ დოცენკო.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტიკის რესურსცენტრი  დაუკავშირდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გლობალური მედია გუნდის ლიდერს ჯეისონ სტრაციუსოს, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ წითელი ჯვარი უკრაიანში მუშაობას განაგრძობს.