FACT/FAKE
<strong>აკრძალა თუ არა გერმანიამ უკრაინის დროშები? </strong>

აკრძალა თუ არა გერმანიამ უკრაინის დროშები? 

2022 წლის 8 მაისს მალხაზ ხაბაზმა სოციალურ ქსელში მანიპულაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი თქმით, “უკრაინასა და გერმანიას შორის დაძაბული მდგომარეობა, კიდევ უფრო დაიძაბა, შოლცმა 8-9 მაისს აკრძალა უკრაინის დროშების და სხვა სიმბოლიკების გამოყენება, ეს იყო გერმანიის პასუხი უკრაინას მის ქმედებაზე.” 

რა მოხდა სინამდვილეში?

8-9 მაისს ევროპაში [გერმანიაში] მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და ნაციონალ-სოციალიზმისგან გერმანიის განთავისუფლების 77 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით გერმანიის პოლიციამ 6 მაისს განცხადება გამოაქვეყნა და მოქალაქეები იმ შეზღუდვების შესახებ გაავრცელა, რაც ძალაში 8-9 მაისს იქნებოდა. 

პოლიციის განცხადების მიხედვით, სიმბოლოების ჩვენება, მათ შორის უკრაინის და რუსეთის დროშების, მემორიალების სიახლოვეს აკრძალულია. ნებადართული არ არის არც შეძახილები, რომელიც მიმდინარე ომში უკრაინას განადიდებს. 

ეს შეზღუდვების მხოლოდ 8-9 მაისს იყო გათვალისწინებული. ახლა კი უკრაინის მხარდამჭერი პლაკატების თუ დროშების გამოყენება ჩვეულებრივ დაშვებულია. რაც შეეხება რუსულ სიმბოლიკებს – რუსული აგრესიის მხარდაჭერის ნიშნად, საზოგადოებრივ ადგილებში Z-ის გამოყენება გერმანიაში ჯარიმით ისჯება, ხოლო პირი, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წაახალისებს ან მოიწონებს საჯარო შეკრებებზე გამოსვლით, ან წერილობითი მასალების გავრცელებით, სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მალხაზ ხაბაზი მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინა გერმანიას შორის არსებულ ვითარებაზეც. 

“წარსულის გაღიზიანება მოიხსნა …” – წერია გერმანიის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც 5 მაისს გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

“გერმანიის პრეზიდენტმა სოლიდარობა, პატივისცემა და მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის გაბედული ბრძოლის მიმართ რუსი აგრესორების წინააღმდეგ.

გერმანია თავიდანვე მხარს უჭერდა უკრაინას ფინანსურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მის თავდაცვით ბრძოლაში და ის [გერმანია] ერთიანია უკრაინის მიმართ სოლიდარობაში.

ორივე პრეზიდენტმა საუბარი შეაფასა, როგორც “ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი”. წარსულის გაღიზიანება მოიხსნა. ორივე პრეზიდენტი შეთანხმდნენ მჭიდრო კონტაქტზე.” – ვკითხულობთ განცხადებაში.