FACT/FAKE
<strong>ქართველი ფოტოგრაფის კადრის გამოყენება მარიუპოლის ამბების გაყალბებისთვის</strong>

ქართველი ფოტოგრაფის კადრის გამოყენება მარიუპოლის ამბების გაყალბებისთვის

“როგორ ზრდიან ბავშვებს ტერორისტები” – ამ სათაურით მასალა რუსულ მედიაში ანა ლიუბერცევამ 2022 წლის 11 აპრილს გამოაქვეყნა. ნიუსის მიხედვით, “რვა წლის განმავლობაში ნაცისტური აზოვის პოლკი მეთვალყურეობდა პილიგრიმის ბავშვთა სახლს მარიუპოლში. ეხმარებოდა, კვებავდა და ამავდროულად, ასწავლიდა.” – ამის საილუსტრაციოდ კი მასალაში ეს ფოტოა გამოყენებული.

რეალურად ფოტო, რომლითაც ჟურნალისტი გვიმტკიცებს, რომ მარიუპოლის თავშესაფარში ბავშვების სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს 2014 წლის 27 სექტემბერს უკრაინის ქალაქ სოლედარშია გადაღებული. ფოტოს ავტორი ქართველი ფოტოგრაფი დავით მძინარიშვილია. Reuters-ის ბაზაში ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ შემდეგს: “ბიჭს ხელში უჭირავს კალაშნიკოვის იარაღი უკრაინელ ჯარისკაცებთან ყოფნისას სოლედარში. იარაღის ჭერის დროს ბავშვებს ჯარისკაცები მეთვალყურეობენ.”

თავად ფოტოს ავტორი გვიყვება, რომ სოლედარში რუსი და უკრაინელი გენერლების შეხვედრა იყო. “უკრაინელი და რუსი სამხედროები ტერიტორიას იცავდნენ, ბავშვები კი ადგილობრივები იყვნენ, რომ გაუშინაურდნენ სამხედროებს ეს ბავშვები მერე სთხოვეს იარაღით პოზირება, ასე იჭერდნენ სათითაოდ და ფოტოებს იღებდნენ” – გვეუბნება ფოტოგრაფი. 

აღსანიშნავია, ისიც რომ ტერიტორიულად მარიუპოლი და სოლედარი საკმაოდ დაშორებულია. 

ინფორმაცია, რომ მარიუპოლში მდებარე პილიგრამის თავშესაფარში აზოვის ბატალიონი ბავშვებს წვრთნის სხვა რუსული გამოცემებშიც გვხვდება. მაგალითად, ალექსანდრა ვასილცოვა ვიდეოს ამ აღწერით აზიარებს:  “კურატორობა იმაში მდგომარეობდა, რომ გოგოებს სნაიპერებად ამზადებდნენ, ბიჭებს კი ომის ხელოვნებას ასწავლიდნენ.” 

არც ვიდეოში და არ პოსტში არ არის არანაირი სანდო მტკიცებულება რაც მსგავსი ფაქტის არსებობას დაადასტურებდა. მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება არც ერთ ღია სანდო წყაროში 

რა ვიცით თავად “პილიგრიმის”თავშესაფარზე?  

საქველმოქმედო ფონდის “პილიგრიმი” საიტზე განყოფილებაში – “ჩვენ შესახებ”- ვკითხულობთ, რომ ფონდი მარიუპოლში ფუნქციონირებს და უკრაინის ტერიტორიაზე ნარკომანიის მქონე მოზრდილებისა და ბავშვების რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. ფონდის ცნობით, 2000 წლის თებერვლიდან მოყოლებული ბავშვთა ცენტრში რეაბილიტაცია 4000-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა და მათ 60%-ზე მეტმა შეეძლო დაბრუნებულიყო ოჯახებში, ასევე სახელმწიფო ბავშვთა სახლებში.

საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ფონდმა ახალი პროექტი და დაიწყო. 

“შეიქმნა 12 მიმღები ოჯახი და თითოეულში 10-მდე ბავშვი ცხოვრობს. ერთ-ერთი მინდობით სახლი სპეციალიზირებულია აივ+ ბავშვების გასაშვილებლად. ეს ერთადერთი მინდობით აღსაზრდელია ყოფილი დსთ-ს ტერიტორიაზე.”

ინფორმაციის მიხედვითვე, ამ პროექტმა თავისი საქმიანობით დაიკავა 20 რეგიონი უკრაინასა და რუსეთში.