მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტმა შესაბამის უწყებებს მიმართა
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას.
საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK TV-ის დამფუძნებლის ნათია კუპრაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარებს აღწერს.
საჩივრის მიხედვით, სამივე მათგანს ბოლო დღეებია უცნობი პირები ტელეფონზე უკავშირდებიან და მათ შესახებ პერსონალურ და არა საჯარო ინფორმაციას უსახელებენ და ემუქრებიან. სატელეფონო ზარით ანგარიშსწორებით დაემუქრნენ უცნობი პირები ნათია კუპრაშვილსაც.
“ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია, რასაკვირველია წარმოშობს გარკვეული სახის ვარაუდს, რომ ადამიანები, რომლებიც მას უკავშირდებიან, მის შესახებ იციან ყველაფერი და წარმოადგენენ საფრთხეს ნანა ბიგანიშვილისა და მისი ოჯახისათვის”- წერია საჩივარში.
საჩივარი ეხება დღეს სხვადასხვა მედიის ოფისთან და აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან დატოვებულ პლაკატებსაც. მაგალითად სტუდია მონიტორის ოფისთან გამოაკრეს პლაკატები ნინო ზურიაშვილის ფოტოებით და შეურაცხმყოფელი წარწერებით „ფულზე გაყიდული აგენტები“ „ანტი-ქართული სააგენტო“ და სხვა.
ჟურნალისტებმა საჩივარი მედია ომბუდსმენის დახმარებით მოამზადა. მედია ომბუდსმენი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურს“ კანონით დადგენილი რეგულირების მიხედვით დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორების მზაობას გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.
შესაბამის უწყებებს საჩივრით მიმართა სტუდია მონიტორის გამომძიებელმა ჟურნალისტმა მარი დუდუნიამაც. ის ახლა ქვეყანაში არ იმყოფება და ამბობს, რომ უცნობი პირები უკრაინული და ქართული ნომრებიდან ვაიბერსა და ვოთსაფში 2 დღის განმავლობაში ურეკავენ.
ქართული ნომერზე პასუხისას მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჟურნალისტს, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს სოციალურ ქსელში საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული აღნიშნული ნომრები, თუმცა როგორც გვეუბნება მას მოკვლევის დაწყების მიზნით შესაბამისი უწყებიდან არავინ დაკავშირება.