ახალი ამბები
სამუშაო ფორმატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუბრუნდით, თუ საქართველოს ხელისუფლება უკან გაიწვევს კანონპროექტს – დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები

სამუშაო ფორმატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუბრუნდით, თუ საქართველოს ხელისუფლება უკან გაიწვევს კანონპროექტს – დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის განხილვისა და საპროტესტო აქციების დარბევის პარალელურად,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფებთან განიხილოს სტრატეგიის 2024-2025 სამოქმედო გეგმა.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან თუ საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტს უკან გაიწვევს და აღარასოდეს დაუბრუნდება.

განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოუწოდებს ” ყველა ღონე იხმაროს, რომ აღნიშნული კანონპროექტი კანონად არ იქცეს”.

“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღებია იმ დონორული დახმარებისა, რომელსაც განვითარების პარტნიორები ჩვენს ქვეყანას უწევენ. ამ უწყებამ ყველაზე კარგად იცის, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს დახმარება, რომელიც ხმარდება როგორც რეფორმებს, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.”- ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების სრული ტექსტი და ხელმომწერები ნახეთ აქ:

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს, მიიღოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ხოლო მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ ამ მოვლენებს, კვლავ სასტიკად არბევს და უკანონოდ აკავებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფებთან განიხილოს სტრატეგიის 2024-2025 სამოქმედო გეგმა.

აღნიშნული სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შევდივართ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემთხვევაში, გამოვცხადდებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად.

2019 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვიყავით ჩართული დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენი თანამშრომლობა სამინისტროსთან იყო კონსტრუქციული და საქმიანი, თუმცა, ამ ვითარებაში ყოვლად წარმოუდგენლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების რომელიმე რგოლთან თანამშრომლობა. შეუძლებელია, ერთი მხრივ, ხელისუფლება დონორ ორგანიზაციებს უცხოურ ძალად, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ამ ძალის ინტერესების გამტარებლებად გვაცხადებდეს და, ამავდროულად, ამავე ორგანიზაციებს პარტნიორებად მიგვიჩნევდეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღებია იმ დონორული დახმარებისა, რომელსაც განვითარების პარტნიორები ჩვენს ქვეყანას უწევენ. ამ უწყებამ ყველაზე კარგად იცის, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს დახმარება, რომელიც ხმარდება როგორც რეფორმებს, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და მის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობაც სწორედ დონორთა აქტიური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მას უნდა ეყოს გამბედაობა და როგორც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში შემავალმა უწყებამ, ყველა ღონე იხმაროს, რომ აღნიშნული კანონპროექტი კანონად არ იქცეს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა საკითხი, რაც დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას ეხება, მაგრამ არა ამ მოცემულობაში. ჩვენ მზად ვართ, დავუბრუნდეთ სამუშაო ფორმატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გაიწვევს კანონპროექტს უკან და აღარასოდეს დაუბრუნდება მას.

1. დავით ლოსაბერიძე – სამუშაო ჯგუფის წევრი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი (კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის)

2. კონსტანტინე კანდელაკი – სამუშაო ჯგუფის წევრი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის)

3. მაგდა პოპიაშვილი – სამუშაო ჯგუფის წევრი, საქართველოს მედია-კლუბი (კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის)

4. ნათია კუპრაშვილი – სამუშაო ჯგუფის წევრი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი (კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის)

5. მიხეილ ჩიტაძე – სამუშაო ჯგუფის წევრი, გორის საინფორმაციო ცენტრი (კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის)

6. ასლან ჭანიძე – სამუშაო ჯგუფის წევრი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის)

7. გიორგი ანდღულაძე – სამუშაო ჯგუფის წევრი, დემოკრატ მესხთა კავშირი (კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის)

8. ლევან ხინთიბიძე – სამუშაო ჯგუფის წევრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის)

9. კოკა კიღურაძე – სამუშაო ჯგუფის წევრი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის)

10. ირაკლი მელაშვილი – სამუშაო ჯგუფის წევრი, კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის 11. თინიკო ბოლქვაძე – სამუშაო ჯგუფის წევრი 12. გიორგი წაქაძე – სამუშაო ჯგუფის წევრი