“განათლება დასაქმებისთვის” – ევროკავშირის 7 მილიონიანი პროექტი საქართველოში
15 ივლისს მსოფლიო ახალგაზრდობის უნარების დღეს აღნიშნავს. ახალგაზრდების განვითარებისა და მათი თანამედროვე ცოდნით/უნარებით აღჭურვისთვის წლებია ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროგრამასა და ინიციატივას ახორციელებს.
ერთ-ერთი ასეთია “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs).
პროგრამის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოში 2019 წლიდან დაიწყო 9 პროექტით და 7 მილიონი ევროს დაფინანსებით, შედეგად:
- 1 741 ადამიანის დასაქმება;
- 6 505 სამუშაოს მაძიებლის გადამზადება საბაზისო უნარებში, მეწარმეობასა და IT პროგრამირებაში;
- 9 236 სამუშაოს მაძიებლისა და სტუდენტისთვის კონსულტაციის გაწევა;
- 1 108 ადამიანის სტაჟირების პროგრამაში ჩართვა;
- 26 ახალი, მოთხოვნაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების პროგრამის შექმნა;
- 15 პროფესიული სასწავლებლის დახმარება ახალი სერვისებისა და პროგრამების განვითარებაში;
- 19 კარიერული კონსულტაციისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის შექმნა;
- 4 პროფესიული განათლების კურსის დანერგვა ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართულებით;
- 90 სკოლასა და 10 პროფესიულ სასწავლებელში კოდირებისა და ტექ. მეწარმეობის კლუბების განვითარება
პროგრამით მოქალაქეებმა საქართველოს 8 რეგიონში ისარგებლეს.
“ისწავლე დასაქმებისთვის” პროექტის ფარგლებში დასაქმების ფორუმი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა, დაორგანიზდა ტრენინგები, რომელთა საშუალებითაც, პროგრამის წარმომადგენლების ცნობით, ასობით ადამიანმა მოკლევადიანი პროფესიული განათლების კურსი გაიარა და კვალიფიკაცია აიმაღლა.
“ისწავლე დასაქმებისთვის” განმახორციელებელი 9 პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამუშაო ადგილის მოძიებაში: უპირველეს ყოვლისა კი, უზრუნველყოს მათი უნარების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც საქართველოს კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ამ მიზნის მიღწევას პროექტები რამდენიმე გზით უზრუნველყოფენ – მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.
პროგრამაში ჩართული იყო როგორც კერძო სექტორი, ისე სახელმწიფო.
“ისწავლე დასაქმებისთვის” პროგრამის მეორე ფაზა მიმდინარე წელს დასრულდება. თუმცა ევროკავშირი, როგორც საქართველოს პარტნიორი და უდიდესი დონორი, კვლავ აპირებს ხელი შეუწყოს ქვეყანაში მაღალკვალიფიციური, მოთხოვნადი კადრების ჩამოყალიბებას და ქვეყნის განვითარებას.
გაიგეთ მეტი პროგრამის მიერ მიღწეული შედეგების შესახებ.