ახალი ამბები
პარლამენტის თვითნებობა და მედიის რეპრესიის პრაქტიკა – SJC-ის ანგარიში

პარლამენტის თვითნებობა და მედიის რეპრესიის პრაქტიკა – SJC-ის ანგარიში

პარლამენტში მოქმედი ე.წ. მედიის აკრედიტაციისა და უსაფრთხოების წესების ანალიზით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასკვნის, რომ მმართველი გუნდის მიერ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა მედიისადმი რეპრესიული და დისკრიმინაციულია. ამ დასკვნას ცენტრი შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით აკეთებს:

  • წინა წლებში მოქმედ მოწესრიგებაზე მკაცრია;
  • შემზღუდავი გადაწყვეტილებების მიღების მანდატი პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად და ექსკლუზიურად აქვ;
  • პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს პრაქტიკულად ეკრძალებათ კრიტიკული კითხვების დასმა [ დეპუტატებს უფლება აქვთ მათთვის არასასურველ კითხვებზე პასუხი არ გასცენ];
  • აკრედიტაციის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს პარლამენტარების დოკუმენტების, ელექტრონული მოწყობილობის ეკრანის გადაღება;
  • პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი ბრძანების გამოცემის გარეშე, აქვს უფლება გამოაცხადოს პარლამენტში მოქმედი უსაფრთხოების დონეები და შესაბამისად დააწესოს შეზღუდვები.
  • მედია ორგანიზაციას მისი აკრედიტაციაშეჩრებული ჟურნალისტის ახალი ჟურნალისტით ჩანაცვლების შესაძლებლობა არ ეძლევა;

დოკუმენტში მოყვანილია მაგალითებიც, როდესაც ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოერთვათ. მიზეზი კი აკრედიტაციის ახალი წესით დადგენილი მუხლის დარღვევა იყო, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს დეპუტატის, აპარატის თანამშრომლის, ან საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად მყოფი პირის მიერ უარის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს.

“ტელეკომპანია პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ელისო ბოლქვაძისთვის დასმული კითხვის გამო, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის დაწესებული სანქციების საკითხს უკავშირდებოდა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს კი აკრედიტაცია შეუჩერეს მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისთვის „პოსტ ტვ-ის“ წამყვანისა და დამფუძნებლის, ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რამდენიმე ქალის მხილების საკითხზე დასმული კითხვების გამო.” – წერია დოკუმენტში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი ბრძანების საფუძველზე ახალი წესების გამოყენებით, მედიას საპარლამენტო ცხოვრების ეფექტიანი და შეუზღუდავი გაშუქების შესაძლებლობას ართმევს.

ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალი წესი საქართველოს პარლამენტში 2023 წლის 6 თებერვალს დამტკიცდა, ხოლო 2023 წლის 4 სექტემბერს პარლამენტის დაცვის უსაფრთხოების წესები გამკაცრდა.

რუსული კანონის განხილვის პარალელურად ონლაინ მედიებს სწორედ უსაფრთხოების მიზეზით საშუალება არ ჰქონდათ საკანონმდებლო ორგანოში ემუშავათ, მიუხედავად იმისა აფლობდნენ თუ არა აკრედიტაციას.