ახალი ამბები

“ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით” – ამ და სხვა ხარვეზების გამო ვენეციის კომისა 24 გვერდიანი დასკვნით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს რუსული კანონი არსებული ფორმით.

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ქართული ონების მიერ ინიციირებული კანონი განსხვავდება ამერიკული FARA-სგან , თუმცა არაერთი მსგავსება აქვს რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში მოქმედ კანონებთან, რომელიც ვენეციის კომისიას ასევე შესწავლილი აქვს.

ვენეციის კომისიამ გააანალიზა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან კანონის შესაბამისობა. ეს შეფასება მსგავს საკითხებზე კომისიის მიერ არაერთგზის მომზადებულ მოსაზრებებს ეფუძნება.

დასკვნის მიხედვით, კანონი არ შეესაბამება კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. არ აკმაყოფილებს არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლით დადგენილ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მუდმივი მეთვალყურეობა მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან ერთად უდავოდ გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციების არსებობას. “მთავრობის ხელში თავმოყრილი მუდმივი და სტიგმატიზირებადი დაბრკოლებები მსუსხავ ეფექტს ქმნის”.

რა არის და რატომაა მნიშვნელოვანი ვენეციის კომისიის დასკვნა?

ვენეციის კომისია საერთაშორისო ინსტიტუტია, მისი ოფიციალური სახელი შემდეგია – “ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად” [European Commission for Democracy through Law]. ის 1990 წელს დაარსდა საქართველო კი 1999 წლიდან შეუერთდა.

ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა, შესაბამისად მისი დასკვნების სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა მას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

“ევროკავშირი ვენეციის კომისიის დასკვნებს ხშირად იყენებს კონკრეტული ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმების შესაფასებლად. იმის დასადგენად შეესაბამება თუ არა ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს. ასე ეს საქართველოს შემთხვევაშიც და დიდი ალბათობით ასე იქნება ამ კანონზეც” – წერს ვახუშტი მენაბდე პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი.

რა თქვა ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიის დასკვნაზე?

კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი პარტიის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა გამართა. მან კომისია დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, კომისიას “დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია”.

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. ის არ დაელოდა ვენეციის კომისიის მიერ დასკვნის გამოქვეყნებას. დასკვნა კომისია 21 მაისს გამოაქვეყნა. კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა. ქართულ ოცნებას ვეტოს დასაძლევად საკმარისი 76 ხმა აქვს. ბოლო მოსმენაზე რუსულ კანონს მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა.