რუსული კანონის კრიტიკის გამო მოქალაქეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ აგინებენ და ემუქრებიან
“უკრაინული ნომრიდან დამირეკეს, საცხოვრებელი მისამართი დამისახელეს და მითხრეს, რომ ისე ჩამპიზდავენ, ვერც გავიგებ.” – ეს პოსტი სოციალურ ქსელში მედიააპრილის ჟურნალისტმა გიორგი ბასხაჯაურმა გამოაქვეყნა.
მსგავსი შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში არაერთმა პირმა გამოაქვეყნა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. მოქალაქეების თქმით, მათ ეკითხებიან აქვთ თუ არა წაკითხული ქართული ოცნების მიერ წოდებული ” გამჭვირვალობის კანონი” , შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და მუქარაზე გადადიან.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მოქალაქეებს რეკომენდაციები გაუზიარა.
- ამგვარი ზარისას ინფორმაცია თქვენ არ უნდა გასცეთ: არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ მიაწოდოთ მონაცემები, არ გადარეკოთ უკან – არსებობს დიდი თანხების ჩამოჭრის საფრთხე.
- დღეს ინფორმაციად განიხილება ასევე თქვენი ხმა, რომლის ჩაწერასაც შეიძლება ემსახურებოდეს ეს ზარი და შემდგომ, ამ ხმით ფეიკ შეთქმულების ორგანიზების საუბარი ან ლანძღვა-გინების ან სექსუალური კონტენტის ფაბრიკაცია მოახდინონ დისკრედიტაციის მიზნით. საუკეთესოა, თუ არ უპასუხებთ ზარს ან გინებაზე მაინც არ უპასუხებთ გინებით.
- ზარზე გაცილებით სახიფათოა სმს, ის შეიძლება შეიცავდეს მალვეარს, ვირუსს, ‼️ მითუმეტეს, თუ ის გვთავაზობს ბმულზე გადასვლას ან რაიმე ფაილის ჩამოტვირთვას – აქ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მოქმედების (ბმულზე გადასვლა, ჩამოტვირთვა, ფაილის გახსნა) განხორციელების შემთხვევაში დამნაშავემ წვდომა მიიღოს თქვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე, პაროლებზე, მიმოწერაზე და სხვა.
მისივე განმარტებით, სატელეფონო ზარის შემთხვევაში პერსონალური ინფორმაციის მოპარვის ნაკლები ალბათობა არსებობს, მაგრამ ამ მხრივ უსაფრთხო არაა ზარები ისეთ აპლიკაციებში მაგალითად, როგორიცაა ვაიბერი ვათსაპი და სხვა.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა უწყებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.