“ცენზორის როლი მოირგო” – ქარტია EU-ს პრიზზე პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
“შალვა პაპუაშვილი დღეს თავისი კომენტარით ევროკავშირის პრიზზე, მისი ჟიურის წევრებსა და ნომინანტებზე გასცდა ამ თანამდებობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში განსაზღვრულ მანდატს” – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისგან EU-ს პრიზის კონკურსში გელა მთივლიშვილის მასალის ” დანაშაული შოვში” გასვლაზე განმარტების გაკეთებას ითხოვდა.
ქარტია განცხადებით ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს – “ამგვარი კომენტარების კეთების ნაცვლად იმაზე იზრუნონ, რომ ჟურნალისტებმა შეუფერხებლად და დაბრკოლებების გარეშე მიიღონ ის საჯარო ინფორმაციას, რაც მათ კანონით ეკუთვნით და რაც საქართველოში უკვე, რა ხანია, პრაქტიკულად მიუწვდომელია ” .
პაპუაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში უპასუხა თავად გელა მთივლიშვილმაც.
“სინამდვილეში, დორბლი სდით, “უცხოეთის აგენტების შესახებ” რუსული კანონით რომ ვერ აგვლაგმეს! მერე აღარც ევროკავშირს მოსთხოვდნენ განმარტებას ჟურნალისტიკის პრიზის ფინალში როგორ მოვხვდით, უბრალოდ, არ დასჭირდებოდათ ამ სიგიჟის ფრქვევა, რადგან ვერც რაჭის ტყეების ოკუპაციის ამბავს გამოვიძიებდით, ვერც შოვში მომხდარ დანაშაულს, რომლის მთელი სიმძიმეც ხელისუფლების კისერზეა და ვერც სხვა მრავალ საქმეს! ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო ბრძოლა “რუსული კანონის” წინააღმდეგ. თავზე გადაგვახიეს კონსტიტუციაც, მრავალი წლის მონაპოვარი დემოკრატიაც, მაგრამ ვერ ეღირსნენ რუსეთს საქართველოში!”.
პაპუაშვილის კომენტარს გამოეხმაურა მედია ადვოკატირების კოალიციაც. კოალიციის შეფასებით, მსგავსი განცხადებებით საფრთხე ექმნება დემოკრატიასაა და სიტყვის თავისუფლებას.
“მედიაზე მიზანმიმართული და გამუდმებული თავდასხმები და ნდობის შერყევის მცდელობა კი დემოკრატიის დასუსტების მცდელობაა. კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველ პარტიას, შეწყვიტონ თავდასხმები ჟურნალისტებზე და საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყონ მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა.” – ვკითხულობთ განცხადებაში.