FACT/FAKE
<strong>შლის თუ არა ლიეტუვა კალინგრადისკენ მიმავალ სარკინიგზო გზას? </strong>

შლის თუ არა ლიეტუვა კალინგრადისკენ მიმავალ სარკინიგზო გზას? 

“ლიტვაში კალინგრადისკენ მიმავალი სარკინიგზო ლიანდაგების დემონტაჟი დაიწყო” – ამ სათაურით რუსულ მედიაში ინფორმაცია 2022 წლის 3 ივლისს გავრცელდა. მასალაში ნათქვამია, რომ ლიეტუვამ იმ სარკინიგზო ხაზების დემონტაჟი გადაწყვიტა, რომელიც რუსეთსა და ბელარუსს კალინინგრადთან აკავშირებდა.

რუსული მედია თავისი ნათქვამის გასამყარებლად ამ ციტატასაც იშველიებს, რომელიც გამოცემის მტკიცებით ლიეტუვის ტრანსპორტის მინისტრს ეკუთვნის. 

„რკინიგზის ლიანდაგის მოვლა ხარჯებს მოითხოვს, მით უმეტეს, ყველა ეს ხაზი ელექტროფიცირებულია. თავად რკინიგზა ლიეტუვას აბსოლუტურად არ სჭირდება, მაგრამ ექსკლუზიურად კალინინგრადის ინტერესებს ემსახურებოდა. ადრე მათი ფუნქციონირებიდან სახელმწიფო ეკონომიკურ სარგებელს იღებდა, მაგრამ ტრანზიტის შეწყვეტის გამო ამ სარკინიგზო ხაზების მუშაობის აუცილებლობა გაქრა. დასახლებების მაცხოვრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ საავტომობილო ტრანსპორტით“, – აღნიშნა ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა მინდაუგას მანძეიკამ სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით.       

რეალურად, ლიეტუვის მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი მარიუს სკუოდისია, ხოლო სახლი, რაც რუსული მედიის სტატიაში გვხვდება მთავრობის საიტზე საერთოდ არ იძებნება. 

რა ხდება რეალურად? 

ინფორმაცია ლიეტუვის მიერ რკინიგზის დაშლის შესახებ, თავდაპირველად 2 ივლისს სატირულმა გვერდმა “პანორამამ” გამოაქვეყნა. სწორედ ამ გამოცემის მასალაში ვხვდებით ზემოთ მოყვანილ ციტატასაც. 

პანორმას გვერდზე აღნიშნულია, რომ ის სატირული გამოცემაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პროპაგანდისტული გამოცემა მათ მიერ გავრცელებულ სატირულ შინაარსს ფაქტებად მაინც ასაღებს. 

აღსანიშნავია, ისიც რომ  ინფორმაცია, თითქოს ლიეტუვამ კალინგრადის მიმართულებით რკინიგზის დაშლა დაიწყო, გამოქვეყნებული არ არის თავად სამინისტროს გვერდზე, ამის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც სხვა ღია სანდრო წყაროებში. 

ასევე, ჟურნალისტიკის რესურსცენრმა -JRC ინფორმაციის გადამოწმება Google earth-ის გამოყენებითაც სცადა, არც სატელიტურ მონაცემებზე ჩანს, რომ ლიეტუვაში რკინიგზის ხაზების დემონტაჟი მიმდინარეობდეს. 

ჩვენმა რედაქციამ წერილობით მიმართა ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსაც, მათგან მიღებული ოფიცილური პასუხის მიხედვით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

მათი წერილის მიხედვით, ლიეტუვის მთავრობა არც ახლა და არც მომავალში არ გეგმავს კალინგრადის მიმართულებით სარკინიგზო ხაზის დემონტაჟს. 

ლიეტუვა თავისი ტერიტორიის გავლით კალინინგრადის ოლქში რუსეთიდან საქონლის გატარების ნამდვილად ზღუდავს, თუმცა ამისთვის ქვეყანას რკინიგზის დაშლა არ დაუწყია. 

ლიეტუვას საბაჟო სამსახურის ცნობით, მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში, ლიეტუვა  თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან კალინინგრადის ოლქისკენ რუსეთში წარმოებული პროდუქტის ტრანსპორტირების ზღუდავს.

10 ივლისიდან, შეზღუდვა ეხება ცემენტს, ხის მასალას, სპირტს და საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს.  სანქციები არ ეხება ჰუმანიტარული და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტს, მაგალითად, კვების პროდუქტებს. ლიეტუვამ რუსეთს შესთავაზა საქონელი ზღვის საშუალებით გადატვირთონ კალინინგრადში, სადაც რუსეთის ერთადერთი ნავსადგურია, რომელიც მთელი წელი მოქმედებს.