
რამდენმა წყალმა ჩაიარა რიონისპირა სახლებთან
რა ხდება?
ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე, 500-მეტრიან მონაკვეთზე,მე-19 საუკუნის 10-მდე ორ-, სამ- და ოთხსართულიანი ქვის და ხის აივანიანი, შუშაბანდიანი შენობებია. ბევრი მათგანი უკვე ავარიულია — ზოგი სრულიად მიტოვებული, აივნის მოაჯირები კი სახიფათოა. ყველა ეს ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ მოსახლების „საკუთარ ხელით“ მათი რეაბილიტაცია შეუძლებელია.
როდის რა ხდებოდა
· 1990–იანი წლები – შეიქმნა სახლების კულტურული შენარჩუნების პირველი კონცეფცია
· 2006 – ეს ტერიტორია ოფიციალურად გახდა კულტურული მემკვიდრეობის დაცული ზონა.
· 2018 – მერიასა და მუნიციპალურ ფონდში გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა (გამარჯვებულმა კომპანიამ ვადები ვერ შეასრულა).
· 2019 – რეგიონში აღნიშნული პუნქტი ქუთაისის მერიის პრიორიტეტად იქნა გამოცხადებული. ამავე წელს დაფინანსდა პროექტის დიზაინი: 944 000 ლარი გამოყვეს სპეციალური პროექტირებისთვის.
· 2023 – გაცხადდა , რომ თითქოს გამოიყო 15 მლნ ლარი 10 სახლის რეაბილიტაციაზე. მუნიციპალური ფონდი მზად იყო ამ თანხით დაეფინანსებინა პროექტი.
· 2025 — ზაფხულამდე რეაბილიტაცია არც ერთ შენობას არ აქვს დაწყებული;

რატომ არის მნიშვნელოვანი?
ისტორიულ–არქიტექტურული ღირებულება
მე-19 საუკუნის სტილში აგებული, ქვით ნაშენები შენობები მდიდარია ისტორიული დეტალებით- ხის აივნებითა და დეკორატიული შუშაბანდებით.
ქალაქის იდენტობა და ტურიზმი
რიონისპირა უბანი ქუთაისის ტურისტულ რესურსადაა მიჩნეული – სახლების აღდგენა გაამყარებდა ქალაქის კულტურული პოლიტიკური შესაძლებლობებს საერთაშორისო ვიზიტორებთან.
ახალი სიცოცხლე და ქალაქური განვითარების დინამიკა
ამ სახლების რეაბილიტაცია გაზრდიდა მოსახლეობის ყურადღებას ცენტრალური უბნებისადმი, ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესებს — კაფეებს, გალერეებს და მსგავსს

ქუთაისი
ქუთაისი ერთ-ერთია ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან. სიდიდით მეორე ქალაქიდან ქუთაისმა ბოლო აღწერით (2024) მე-4 ქალაქის პოზიციაზე გადაინაცვლა
· 2025 წლის მონაცემებით, მოსახლეობამ აქ წინა აღწერასთან შედარებით დაიკლო და 123 847 ადამიანი შეადგინა
· ეს ქალაქი მოიცავს 67,7 კვ.კმ–ს და 13 ადმინისტრაციულ ერთეულს
· ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითადი შემოსავალი: სახელმწიფოს სუბვენციები (55–60%), ადგილობრივი გადასახადები და სასაქონლო/სერვისული სფეროს გადასახადებია .
· ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი — 25–30% ყოველწლიურად სწორედ ინფრასტრუქტურაზე იხარჯება
📣 როგორ შეუძლიათ ადგილობრივებს ჩაერთონ რიონისპირა სახლების გადარჩენის პროცესში?
ქუთაისის მაცხოვრებლებს, ხელთ აქვთ რამდენიმე ლეგიტიმური მექანიზმი, რომ მოითხოვონ და წაახალისონ რიონისპირა ისტორიული სახლების რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამ ინსტრუმენტების ეფექტურობა დამოკიდებულია ხელისუფლების გახსნილობაზე და მოქალაქეთა ორგანიზებულობაზე, ქვემოთ ჩამოთვლილი გზები დღესაც რეალურად არსებობს და შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს პროცესზე:
✍️ 1. პეტიცია
ყველაზე ხელმისაწვდომი და სიმბოლური გზა. მოქალაქეებს შეუძლიათ ონლაინ ან ქაღალდზე შეაგროვონ ხელმოწერები კონკრეტული მოთხოვნით — ამ შემთხვევაში, რიონისპირა უბნის რეაბილიტაციის დროულად დაწყება.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, პეტიციაზე შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, მერიასა და საკრებულოს ევალება საკითხის ოფიციალური განხილვა და პასუხის გაცემა.
🏘️ 2. დასახლების საერთო კრება
მოსახლეობას უფლება აქვს გამართოს დასახლების საერთო კრება — განსაკუთრებით იმ უბანში მცხოვრებ პირებს, რომლებიც უშუალოდ დაზარალდნენ სახლების ავარიული მდგომარეობით. საერთო კრება არის მოსახლეობის ფორმალური შეკრება კონკრეტული თემის განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.
კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, პროტოკოლით დადასტურებული, შესაძლოა ოფიციალურად წარედგინოს მუნიციპალიტეტს, როგორც მოქალაქეთა ერთობლივი ინიციატივა.
🗳️ 3. მონაწილეობა საკრებულოს სხდომებში
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები საჯაროა და მოქალაქეებს უფლება აქვთ დაესწრონ, დააფიქსირონ თავიანთი აზრი წინასწარ დარეგისტრირების საფუძველზე, განსაკუთრებით იმ სხდომებზე, სადაც განიხილება ბიუჯეტის განაწილება, მუნიციპალური განვითარების პროგრამები ან კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.
მოქალაქეთა გამოჩენა სხდომებზე და მედიასთან ერთობლივი კომენტარები ზრდის ზეწოლას გადაწყვეტილების მიმღებებზე.
👥 4. საზოგადოებრივი საბჭო
თვითმმართველი ერთეულების მერიებს შეუძლიათ შექმნან საზოგადოებრივი საბჭოები — საკონსულტაციო პლატფორმები, სადაც პროფესიული ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ერთიანდებიან კონკრეტული საკითხების განხილვისთვის.
ქუთაისის მერიას შეუძლია შექმნას კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი საბჭო, სადაც მოსახლეობა უშუალოდ ჩაერთვება რეკონსტრუქციის პოლიტიკის შემუშავებაში.
📊 5. საჯარო ანგარიშგება და მის მოსმენაში მონაწილეობა
მუნიციპალიტეტი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მოაწყოს საჯარო ანგარიში . ამ ფორმატში მოქალაქეებს შეუძლიათ დასვან კითხვები და მოითხოვონ კონკრეტული პასუხები, მათ შორის — რატომ არ იწყება რიონისპირა უბნის რეაბილიტაცია.
მულტიმედია მომზადებულია ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების რეგიონული მედიის მოდულის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის გაშუქების სწავლებასაც, ლექტორი ირმა ჭოლაძე.