
სათვალე – 337
როგორ გამოიყურება 30 აპრილს დამწვარი ე.წ. ბორჯომის ბაზრობა. გიჩვენებთ კადრებს დამწვარი ტერიტორიიდან, სადაც ცოტა ხნის წინ 500-მდე ადამიანი ვაჭრობდა და ოჯახს არჩენდა. ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ, რამდენიმე მოვაჭრეს მიმდებარე ტერიტორიაზე შევხვდით, მათ მცირე დახლები იქვე გამართეს და როგორც ამბობენ, გარევაჭრობის ნება ზედამხედველმა დართეს.
რატომ იწვის ბაზრობები? პასუხი არ გვაქვს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. მაგალითად, დღემდე ოფიციალურად არ გავრცელებულა გამოძიების დასკვნა რამ გამოიწვია ხანძარი ლილოს ბაზრობაზე, ბავშვთა სამყაროში, ავტონაწილების ბაზრობაზე.
მიუხედავად გაურკვეველი და გამოუძიებელი შემთხვევებისა ადამიანები დღემდე, სხვადასხვა მიზეზთა გამო, კვლავაც თანხმდებიან დაურეგულირებელ, მოუწესრიგებელ და სახიფათო გარემოში მუშაობას. ხშირად ეს ოჯახების ერთადერთი შემოსავალია. გადამწვარი ბაზრობების სიას 30 აპრილს ე.წ. ბორჯომის ბაზრობა შეემატა, დაზარალებული დაახლოებით 400-იდან 500-მდე ადამიანია. რატომ არ იცვლება გარემო, რატომ იწვის ბაზრობები, რა როლი აქვს სახელმწიფოს და კერძო ბიზნესს? სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძეა გადაცემის სტუმარი.