ახალი ამბები
ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის შემცველ ზარებზე

ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის შემცველ ზარებზე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების საქმე პროკურატურას გადასცა – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რეაგირებისა და გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

უწყება ამბობს, რომ მოქალაქეებთან სატელეფონო ზარით დაკავშირება ერთგვაროვანი მეთოდის, სიხშირის და მასშტაბურობის გამოყენებით ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს.

“გარდა სატელეფონო ნომრებისა, ზარის განმახორციელებელი პირებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია ზარის ადრესატების სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებთან/ნათესაურ კავშირებთან დაკავშირებული ინფორმაცია. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების ავტორების განმარტებით, ზარების ინიციატორები მუქარის შემცველი ზარებით უკავშირდებიან მათი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, არასრულწლოვანებს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსული კანონის ირგვლივ მიმდინარე პროტესტის პარალელურად კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს უცხო ნომრებიდან კამპანიურად უკავშირდებოდნენ ემუქრებოდნენ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რიგ შემთხვევაში უსახელებდნენ სხვა პირად მონაცემებს, მაგალითად ოჯახის წევრების ან მათი საცხოვრებლის შესახებ. აღნიშნულზე მოქალაქეები საჯაროდ წერდნენ და ნომრებსაც უთითებდნენ თუმცა შესაბამის უწყებებს მოკვლევა არ დაუწყიათ.