პროსამთავრობო მედიებზე ძალადობის მაგალითები კრიტიკულ მოქალაქეებზე თავდასხმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ
შინაგან საქმეთა მინისტრი 8 მაისს რუსული კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების ცემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ POSTV-ისა და იმედის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დაიწყო საუბარი.
ჟურნალისტი: თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი რა პასუხისმგებლობას გრძნობთ, როდესაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს სადარბაზოებთან ხვდებიან, სცემენ, ემუქრებიან, ურეკავენ? შეგიძლიათ თუ არა რომ კატეგორიულად დაგმოთ ეს?
შსს მინისტრი: ” რა თქმა უნდა ძალადობა არავისზე არ მომწონს, არც ოპოზიციონერებზე და არც მოქალაქეებზე, რასაც მომიტინგეები ახორციელებდნენ, არც ჟურნალისტებზე, თქვენ კოლეგებზე და მე არ მინახია თქვენს ეთერებში POSTV-ის ჟურნალისტების, რაც გაუკეთეთ დაგეგმოთ და გამოსულიყავით და გეთქვათ ბატონო ვახტანგ, არ გრძნობთ პასუხისმგებლობას”.
გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ გუშინდელ თავდასხმებზე გამოძიება “მყისიერად” დაიწყეს.
ძალადობაზე საუბრისას POSTV-ისა და იმედის მაგალითები მოიყვანა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. „რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა, როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური, როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ბულინგი, მაგრამ აქ ნახეთ, რა მდგომარეობაა… მაგალითისთვის მომყავს, როდესაც იმედის, ჟურნალისტს, „პოსტივის ჟურნალისტს“, თქვენს კოლეგებზეა საუბარი, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები, რომ დააბულინგონ, წაახალისონ ძალადობა, ეს კატეგორიულად მიუღებელია“.
ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ უხსენებიათ დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტების დაშავების ფაქტები. მაგალითად, 17 აპრილს, როდესაც სპეცრაზმელებმა აქციაზე “პუბლიკის”, “ტაბულას” და “აპრილის” ჟურნალისტებს სცემეს.