ჩახშობილია კრიტიკული აზრი და ხელოვნურად იქმნება რუსული კანონის ერთპარტიულად განხილვის გარემო – არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
“კომიტეტის თავმჯდომარე ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას – ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები” – არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვის მიმდინარეობას აფასებენ და ამბობენ, რომ პროცედურა ცენზურის ფონზე მიმდინარეობს.
“იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სიტყვის ჩამორთმევის და გაძევების პრაქტიკა არღვევს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ოხანაშვილის ეს ქმედება არ შეესაბამება არც პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლს. აღნიშნული ნორმის მიზანია სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფა და ის არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის მოსაზრების (მათ შორის, განსხვავებული აზრის) დაფიქსირების შესაძლებლობის ჩამორთმევას სხდომის თავმჯდომარის მიერ. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში კითხვებთან ერთად მოსაზრებების წარდგენის დაუშვებლობას, არამედ საკომიტეტო მოსმენამ უნდა უზრუნველყოს საკითხის სრულყოფილი შესწავლა, მათ შორის, ალტერნატიული წინადადების მოსმენისა და განხილვის შესაძლებლობა” – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს 20-ზე მეტი არასამთავრობო აწერს ხელს.
პარლამენტში რუსულ კანონს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე, მუხლობრივი მოსმენით განიხილავს. სხდომა ხმაურის და ტექნიკური შესვენებების გამოცხადების ფონზე მიმდინარეობს. ანრი ოხანაშვილმა ამ დროის მონაცემებით 16:07 დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გამოაძევა. დარბაზი დაატოვებინა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარეს ნათია კუპრაშვილსაც.