TOK TV -ის ჯგუფს პოლიციამ მუშაობაში ხელი შეუშალა
პოლიციამ TOK TV-ის ჯგუფი არ დაუშვა ადგილზე, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების და საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ადიგენში ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმთა სალოცავის გახსნის მცდელობას აპროტესტებდა. სწორედ ამ საკითხის გასაშუქებლად მივიდა ადგილზე TOK TV-ის გადამღები ჯგუფი.
რატომ არ შეიძლება რომ ჩავიდე – არ შეიძლება, რატომ? – იმიტომ – ასე პასუხობდა პოლიცია TOK TV-ის ჟურნალისტს.
პოლიციის განმარტებით, ჟურნალისტს ადგილზე ჩასვლას, სადაც მერიის და საპატრიარქოს წარმომადგენლები იყვნენ, მისივე უსაფრთხოების მიზნით უზღუდავდნენ. ამ ლოგიკით ჟურნალისტისთვის პროტესტის გაშუქება უფრო უსაფრთხო იქნებოდა, ვიდრე სხვა სივრცეში მყოფი საპატრიარქოს და მერიის წარმომადგენლების გადაღება.
აღნიშნულთან დაკავშირებით TOK TV შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხი იყო -” მოვიკითხავთ” – მათგან ინფორმაციის მიღებას მაუწყებელი ამ დრომდე ელოდება.
ამ დროისთვის ადგილზე აქცია დასრულებულია – თუმცა TOK TV თემაზე მუშაობას განაგრძობს და ცდილობს ინფორმაცია მიიღოს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისგან და საპატრიარქოსგან.
ადიგენი მულტიეთნიკური და მულტირელიგიური მუნიციპალიტეტია, აქ ბოლო აღწერით 15 ათასამდე ადამიანი სახლობს. სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი და სხვა ეთნოსების წარმომადგენლებთან ერთად, აქ უმეტესობა – 97% ეთნიკური ქართველია: იმერლები, რაჭველები, აჭარლები და ადგილობრივი მესხები, რაც მუნიციპალიტეტის მულტირელიგიურობას განაპირობებს.