ახალი ამბები
რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე – პაპუაშვილი EU -ის პრიზის ფინალში გელა მთივლიშვილის სტატიის გასვლაზე

რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე – პაპუაშვილი EU -ის პრიზის ფინალში გელა მთივლიშვილის სტატიის გასვლაზე

“მნიშვნელოვანია, განმარტება გაკეთდეს, ვინ იყო იქ კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე” – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მთის ამბების რედაქტორის გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატიის “დანაშაული შოვში ” EU-ის პრიზის ფინალში მოხვედრის გამო ევროკავშირისგან განმარტებებს ითხოვს.

პაპუაშვილი მთის ამბების რედაქტორზე ამბობს – ” ის ადამიანები, მათ შორის, თავს ჟურნალისტს რომ უწოდებენ, მთივლიშვილს ვგულისხმობ” და მას სტატიით ტყუილებს გავრცელებაში ადანაშაულებს.

“ახლა ევროკავშირის კონკურსში რომ ფინალამდე აღწევს ასეთი სახის სტატია, მისი მიზანი იყო პანიკის დათესვა, სტიქიის დღეებში ისტერიის შექმნა და ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანების განწყობა, როდესაც ასეთი სამუშაოთი არის დაკავებული ადამიანი, რომელიც თავს ჟურნალისტს ეძახის და შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც ჟურნალისტურმა სამყარომ ამხილოს ასეთი დეზინფორმაცია, ეთიკის საბჭომ იმსჯელოს და ამხილოს, ევროკავშირის კონკურსში ფინალამდე აღწევს ტყუილებით სავსე სტატია… ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, განმარტება გაკეთდეს, ვინ იყო იქ კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე“, – განაცხადა მან.

“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” წელს მეთორმეტედ გაიცა. ევროკავშირის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციით, წელს კონკურსში 146 ჟურნალისტური (და ფოტო) ნამუშევარი შევიდა.

ხოლო საკონკურსო ნაშრომები ოთხკაციანმა ჟიურიმ განიხილა. ჟიურის წევრები იყვნენ:

  • ნიკა ტაბატაძე – მედია ინოვაციების სპეციალისტი;
  • სოფიკო მეგრელიძე, პროდიუსერი
  • დათო გორგილაძე, ჟურნალისტი, მწერალი;
  • ლევან ხერხეულიძე – ფოტოგრაფი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტიკის რესურსცენტრი დაუკავშირდა როგორც გელა მთივლიშვილს, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობას, მათგან საპასუხო კომენტარის მიღებისთანავე მასალა განახლდება.