
Global news-ის ჟურნალისტის სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება
2022 წლის 24 სექტემბერს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ჯორდანო ბრუნომ სქრინი ამ აღწერით გაავრცელა:
“მებაღეობა, კონსერვირება და ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის სხვა ნიშნები კონტროლქვეშ მოექცევა.
ანუ საკვების არც თესვა, არც შენახვა არაა დაშვებული გლობალისტების მიერ. იძინე, ბედნიერო ერო!!!”

ნათქვამის გასამყარებლად ის სტატიას იშველიებს, რომელიც ფოტოს მიხედვით, Global news -ის გვერდზე 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, მისი ავტორი კი ამავე სქრინის მიხედვით, რეიჩელ გილმორია.
სინამდვილეში Global news-ის გვერდზე მსგავსი სათაურით მასალა საერთოდ არ იძებნება, სტატიას ვერ ვხედავთ ვერც ჟურნალისტ რეიჩალ გილმორის მიერ დაწერილ მასალებს შორის.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სქრინებს თავად ჟურნალისტიც გამოეხმაურა. მაგალითად, ტვიტერზე ის ერთ-ერთი ასეთი სქრიშოტის საპასუხოდ წერს:
“არ არის მართალი. სურათი დაფოტოშოპებულია. გთხოვთ დაგუგლეთ, ვიდრე სქრინებს გააზიარებთ” .
მსგავსი შინაარსის კომენტარი მან საკუთარ Tik tok ანგარიშზეც გამოაქვეყნა.

საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რეიჩელ გილმორი Global news-ზე 2020 წლიდან მუშაობს და აშუქებს ისეთ თემებს როგორიცაა: ფედერალური პოლიტიკა, დეზინფორმაცია და ექსტრემიზმი.
რაც შეხება სქრინზე დატანილ ინფორმაციას და ფოტოებს – სანდო წყაროებში მსგავსი ინფორმაცია, რომ მებაღეობა და კონსერვირება კონტროლქვეშ მოექცევა საერთოდ არ იძებნება.