FACT/FAKE
რატომ ირთვება ევროპის ქვეყნებში სირენები და ვინ ავრცელებს მანიპულაციას ამ თემაზე? 

რატომ ირთვება ევროპის ქვეყნებში სირენები და ვინ ავრცელებს მანიპულაციას ამ თემაზე? 

სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ევროპა ომისათვის ემზადება და ამ მიზნით განგაშის სირენებს ამოწმებს.

მაგალითად, მსგავსი მანიპულაციაა 10 ოქტომბერს გაავრცელა Facebook გვერდმა – “ეროვნული სულისკვეთება”. 

რატომ რთავენ განგაშის სირენებს ევროპის ქვეყნებში – 4 მაგალითი 

ნიდერლანდები 

ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საჯარო გამაფრთხილებელი სირენები მთელს ქვეყანაში ყოველი თვის პირველ ორშაბათს 12:00 საათზე ირთვება. სირენები 1 წუთსა და 26 წამს უწყვეტად ჟღერს. [ სირენები ყოველთვის თვის პირველ ორშაბათს ირთვება, გარდა იმ შემთხვევისაა თუ ეს დღე სახალხო დღესასწაულს ემთხვევა]. 

რატომ არის საჭირო სირენების ტესტირება? – ამ კითხვის საპასუხოდ ნიდერლანდების მთავრობა ორ საკითხზე მიუთითებს: 

  • ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეამოწმოს, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს; 
  • ყველამ უნდა იცოდეს, როგორ ჟღერს სირენები კატასტროფის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს. 

საფრანგეთი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთში სირენები ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს ირთვება და მისი ხმა 1 წუთისა და 41 წამის განმავლობაში გრძელდება. თავდაპირველად ეს სირენები ცივი ომის დროს დაბომბვისას გაფრთხილების მიზნით ირთვებოდა.

საფრანგეთში სირენების ჩართვის შესახებ ვრცელი მასალა მომზადებული აქვს გამოცემა CNN-ს. სტატია 2022 წლით თარიღდება და ვრცლად მოგვითხრობს საფრანგეთში სირენების ისტორიაზე. 

სტატიაში მოყვანილია ავინიონის უნივერსიტეტის პროფესორის ჯონი დუვინეს კომენტარი – „საფრანგეთმა აირჩია სირენების შენარჩუნება, რადგან მის უკან არის გარკვეული მემკვიდრეობა, ტრადიცია“. 

მაგალითად მსგავსი ყოველთვიური შემოწმება საფრანგეთში – ტვიტერზე ამ  ვიდეოს CNN -ის ჟურნალისტი ჯოზეფ ატამანი ავრცელებს. 

გერმანია

 გერმანიაში სირენების ხმა 2023 წლის 14 სექტემბერს დილით დაახლოებით 11 საათზე ისმოდა. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

გაფრთხილების სისტემა სამოქალაქო დაცვისა და კატასტროფების დახმარების ფედერალურმა ოფისმა გამოცადა. გაფრთხილების სისტემის შემოწმება მოიცავდა გამაფრთხილებელ შეტყობინების, სირენებს, მობილურ აპლიკაციას – NINA და სხვა. 

განცხადების მიხედვით, გამაფრთხილებელი სისტემის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა საჯარო ონლაინ გამოკითხვაც, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს თავიანთი გამოცდილების გაზიარების საშუალება ჰქონდათ. აღნიშნული კვლევის მონაცემების სამეცნიერო შეფასება და ტექნიკური 2024 წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი. 

ჩეხეთი

ჩეხეთის შემთხვევაში საგანგაშო სირენის მუშაობას, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს 12:00 საათზე ამოწმებენ. სირენის ხანგრძლივობა კი 1 წუთი და 40 წამია. სატესტო სირენის ჩართვის დროს მოსახლეობას მედიის საშუალებით ეცნობება ხოლმე. ამის შესახებ ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ. 

ინფორმაციას თან ახლავს ვრცელი რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები თუ რეალურად აღმოჩნდებიან საგანგაშო სიტუაციაში იქვე წერია შესაბამისი სამსახურების საკონტაქტო ინფორმაციაც. 

რეალურად, სირენების შემოწმება ევროპის არაერთ ქვეყანაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკაა და მისი მიზანი სისტემის მუშაობის შემოწმება და დახვეწაა. ინფორმაცია რომ, თითქოს ევროპა ომისთვის ემზადება და ამიტომ ამოწმებს სირენების მუშაობას მანიპულაციურია.