მედიაგანათლება
კვლავ შემაშფოთებელია უმრავლესობის ნარატივი, რომლითაც კვლავ აპირებს გააგრძელოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელი დისკუსიების წარმართვა – ეროვნული პლატფორმა

კვლავ შემაშფოთებელია უმრავლესობის ნარატივი, რომლითაც კვლავ აპირებს გააგრძელოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელი დისკუსიების წარმართვა – ეროვნული პლატფორმა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ეხმიანება  საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას “უკან გაიწვიოს” პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” თაობაზე.

რამდენიმე დღეა საქართველოს საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდობა სამართლიანად აპროტესტებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს, რაც ჩვენი არაერთი შეფასებით არის არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური, დისკრიმინაციული და დამაზიანებელი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესისთვის.

მივმართავთ უმრავლესობას რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად უმოკლეს ვადებში მოახდინოს კანონპროექტზე უარის თქმის გადაწყვეტილების რეალიზება  და სრულად გააუქმოს ეს ინიციატივა.

ასევე შემაშფოთებელია ნარატივი, რომლითაც უმრავლესობა კვლავ აპირებს გააგრძელოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელი დისკუსიების წარმართვა, რაც ჩვენგან არაერთხელ არგუმენტირებულად იქნა პასუხგაცემული.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს მთავრობას აღკვეთოს  სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტება და ამგვარი უკვე მომხდარი ფაქტების ობიექტური გამოძიება და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით. მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ორდღიანი პროტესტის  მსვლელობის დროს დაკავებული მშვიდობიანი  მოქალაქეები.

უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „კანონპროექტის გაწვევაზე“ მიღწეულ იქნა საქართველოს საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს ყველა მხარეს კონცენტრაცია მოახდინოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის 12 პუნქტის შესრულებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა!