აქვეყნებს თუ არა პოლონური ჟურნალი ნომერს ანტიუკრაინული ყდით?
” ეს ნამდვილად არ არის ჩვენი [ ჟურნალის ] გარეკანი. ყალბი ნამუშევარია და დეზინფორმაციის ნაწილია, მსგავსი რამ ძალიან ადვილად ვრცელდება.” – ეს წერილი ჩვენი კითხვის საპასუხოდ პოლონური გაზეთის Polityka-გან მივიღეთ. ჩვენი კითხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, Polityka-მ ნომერი ანტიუკრაინული ყდით გამოაქვეყნა.
რა მოხდა?
დეზინფორმაცია, რომ პოლონურმა გამოცემამ ჟურნალი ანტიუკრაინული ყდით გამოუშვა სოციალურ ქსელში 2023 წლის 28 იანვარს გავრცელდა.
სოციალური ქსელის მომხმარებელმა ჟურნალის გაყალბებული გარეკანი ამ აღწერით გამოაქვეყნა:
“ეს პოლონური ჟურნალი Polityka გახლავთ, რომელიც დღეს ასეთი სათაურით გამოვიდა:
“ყველა ვირთხა ვერ მოასწრებს ცოცხლად გაქცევას”
P.S. ჩაძირული გემი რატომ არის უკრაინულ ფერებში და ვის გულისხმობს პოლონური ჟურნალი ვირთხებში? მაგის განმარტებას აღარ შეუდგები!”
ჟურნალი, ყოველკვირეულად გამოდის, თუმცა მსგავსი გარეკანით ჟურნალი არ გამოქვეყნებულა. აღნიშნულს ყდას ვერ ვხვდებით ვერც ჟურნალის ოფიციალურ გვერდზე და ვერც სხვა სოციალურ ქსელში.
გაყალბებულ ფოტოზე ჩანს, რომ იგი მეექვსე ნომერია, თუმცა ორიგინალი გარეკანისგან განსხვავებით მას რამდენიმე დეტალი აკლია, მაგალითად, თარიღი. ფოტოზე განსხვავებები ორიგინალსა და გაყალბებულ გარეკანს შორის წითელი ხაზებითააა აღნიშნული.
ინფორმაცია, რომ ყდა გაყალბებულია ჩვენი კითხვის საპასუხოდ თავად გაზეთმაც დაგვიდასტურა.