„ჩინეთის როგორც „მეომარი მგლის“ პოლიტიკა მედიაში

„ჩინეთის როგორც „მეომარი მგლის“ პოლიტიკა მედიაში – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა სამოქალაქო იდეასთან თანამშრომლობით მოამზადა. კვლევის სათაური ასახავს ჩინეთის შეცვლილ პოზიციონირებას მსოფლიო პოლიტიკასა თუ მედიაში, კერძოდ, მკვლევრების აზრით, ჩინეთმა ე.წ დაბალი ხილვადობის მიდგომა ე.წ. „მეომარი მგლის დიპლომატიით“ შეცვალა.

კვლევის მიზანი იყო გაეანალიზებინა ქართულ მედიაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა. მედია ანგარიში ასახავს, თუ როგორ არის გაშუქებული ჩინეთი ქართულ მედიაში და როგორ სრულდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის სტრატეგიული მისია. გარდა შინაარსობრივი დაკვირვებისა, მედიის სისტემატური ანალიზი მიზნად ისახავდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და მასთან დაკავშირებული ბიზნეს აქტორების წილის შემოწმებას, როგორც მედიის მფლობელობაში, ასევე სარეკლამო ბაზარზე. კვლევის ფარგლებში მონიტორები აკვირდებოდნენ სამ არხს : „მთავარი არხი“, ტელეკომპანია “იმედი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასევე ინტერნეტ გამოცემებს- sinomedia.ge, sinologia.ge, chinesestories.ge სპუტნიკი და ნეტგაზეთი.

კვლევის პერიოდი კი ნაწილობრივ ფარვადა, როგორც კორონავირუსის პანდემიის პერიოდს, ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრას. კერძოდ, კვლევა მოიცავს პერიოდს 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე.

კვლევის ძირითადი მიგნებებიდან ჩანს, ქართულენოვან ონლაინმედიაში ჩინეთის ინტერესების გამტარი, ჩინეთისთვის პოზიტიური ინფორმაციები და ისტორიები არსებითად აღემატება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კრიტიკის შემცველ მედია მასალებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის ფარგლებშიი დამონიტორინგებულ მედიებს ძირითადად არ გააჩნიათ სარედაქციო პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებით. გამონაკლისია საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური პროგრამა 42 პარალელი, სადაც განსხვავებით სხვა მედიებისა ვხვდებოდით სიღრმისეულ მასალებს ჩინეთის შესახებ, პოზიტიური აქცენტებით. სხვა შემთხვევაში კი მედიების ინტერესი ჩინეთის მიმართ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ თემებს უკავშირდება და სიღრმისეული გაშუქებით არ ხასიათდება. მონიტორინგის მიხედვით, მედიები ძირითადად აქცენტს არ აკეთებდნენ კოვიდ 19 წარმომავლობაზე, პანდემიასთან დაკავშირებულ ნიუსებში ნაკლებად ჩანს ჩინეთი, აქ გამონაკლისია იმედი, სადაც კოვიდ 19 ის შეახებ მომზადებულ ნიუსებს უცვლელად ახლდა ტექსტი, რომ “პნევმონიის აფეთქება” ჩინეთში დაიწყო.

მონიტორინგს თან ახლავს რეკომენდაციები მედიებისთვის – მაგალითად, სიღრმისეული,კრიტიკული მედიამასალების წარმოების ხელშეწყობა ჩინეთის შესახებ, თანამშრომლობა სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ მეტი ცოდნა და გამოცდილება ჩინეთის გავლენის ოპერაციებთან გამკლავების კუთხით და სხვა.

კვლევა შეგიძლიათ ნახოთ აქ.