სიცრუე რუსულ ბორტზე ქართული ცეკვის შესახებ ფრენამდე 3 დღით ადრე
ვიდეო, მტკიცებით, რომ ავიაკომპანია “აზიმუტის”ბორტზე მოსკოვიდან გამოფრენილ მგზავრებს ქართული ცეკვა შეუსრულეს, TikTok ანგარიშებზე ჯერ კიდევ სამი დღის წინ ანუ მაშინ გავრცელდა, როდესაც რუსულ ავიაკომპანიას მოსკოვი-თბილისის რეისის შესასრულებლად ნებართვა უკვე მინიჭებული ჰქონდა, თუმცა პირველ ფრენამდე 3 დღე იყო დარჩენილი.
ვიდეოზე დატანილია ე.წ ემოჯები რუსეთისა და საქართველოს დროშები. კომენტარებში კი ვკითხულობთ:
” მიყვარს ჩვენი მეგობრობა” , “რა სასიამოვნოა ამის ყურება, რადგან ადრე ყველა ერთად ვიყავით ” .
ვიდეოს 300-ზე მეტი კომენტარი და 3500-ზე მეტი მოწონება აქვს . კომენატრებს შორის ნაწილი მიუთითებს , რომ ვიდეო ძველია და ცეკვას უკრაინელები ასრულებენ. აქვე ვხვდებით საქართველოს მთავრობის კრიტიკასაც ფრენების აღდგენის გამო.

ვინ გააშუქა აღნიშნული ინფორმაცია?
ეს ვიდეო სათაურებით ” ქართული ცეკვა რუსულ ბორტზე” , “ბორტგამცილებლებმა ” აზიმუტის” მგზავრებს თვითმფრინავში უცეკვეს” ქართულ მედია სივრცეში დღეს 19 მაისს , მას შემდეგ გავრცელდა, რაც აზიმუტის მიერ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი შესრულდა.
აღნიშნული ამბავი გააშუქა, როგორც ნაციონალურმა ტელევიზიებმა, ასევე სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც. მათი გვერდების უმეტესობაზე ახლა ვიდეო აღარ იძებნება.
რას ასახავს და როდისაა ვიდეო რეალურად გადაღებული?
სინამდვილეში ვიდეო უკრაინული ავიახაზების- Fly UIA ბორტზე 2021 წლის 29 მარტსაა გადაღებული. ცეკვის ვიდეო საკუთრივ ავიაკომპანიას აქვს გამოქვეყნებული და მის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ცეკვით ავიაკომპანიამ სიურპრიზი მოუწყო სუხიშვილებს, რომლებმაც უკრაინული აუდიტორიისთვის იცეკვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებულ ვიდეოში, ყველა მგზავრს, მათ შორის ბორტგამცილებლებს, პირბადეები უკეთიათ, რაც კოვიდპანდემიის გამო წინა წლებში მგზავრებისთვის სავალდებულო იყო, ახლა კი მსგავსი შეზღუდვა არ მოქმედებს და შესაბამისად, მგზავრებს მხოლოდ სურვილისამებრ უკეთიათ პირბადე.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე აქამდე არსებული შეზღუდვა მიმდინარე წლის 10 მაისს მოხსნა. 19 მაისს კი ავიაკომპანია აზიმუტმა პირველი რეისი შეასრულა.
ჩამოფრენილ რესისს აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ მოძრაობა “დროას” წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები.