ახალი ამბები
„მწვანე ცვლილების დროა“ — ფოთი და ხობი მდგრად მომავალზე მსჯელობენ

„მწვანე ცვლილების დროა“ — ფოთი და ხობი მდგრად მომავალზე მსჯელობენ

ბუნებრივი სიმდიდრე, ეკონომიკური განვითარება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ერთ სტრატეგიულ გეგმად, როგორც ფოთისა და ხობის მწვანე ტრანზიციის გზა – ამ თემებზე ღია შეხვედრა გაიმართა ფოთში, რომელსაც ფოთისა და ხობის სხვადასხვა სექტორის —, ბიზნესის, სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ორგანიზებით ჩატარდა.

დისკუსიის მთავარი ღერძი იყო კითხვა: როგორ შეიძლება ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებმა, მდიდარმა ბუნებრივი რესურსებითა და ლოკაციით, განავითარონ ეკონომიკა ისე, რომ არ დააზიანონ გარემო, არამედ გააძლიერონ მისი დაცვა?

რატომ ფოთი და ხობი?

ფოთი, როგორც საპორტო ქალაქი, დგას მდგრადობის განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე — ერთდროულად წარმოადგენს ლოგისტიკურ ჰაბს და გარემოსდაცვითი საფრთხეების კონცენტრაციას. ადგილობრივი ხელისუფლება აღიარებს, რომ ნარჩენების სეპარაციის და მართვის სისტემაში სერიოზული გამოწვევებია: დღეისთვის ქალაქში ყოველდღიურად გროვდება 45 ტონა ნარჩენი, რომლის მართვაში პრობლემები რჩება, მუნიციპალიტეტს სურს გადახედოს როგორც ტარიფების პოლიტიკას, ისე მოიზიდოს ინოვაციური გადაწყვეტილებები გარემოს დაცვაში ბიზნესის ჩასართავად.

ხობი კი თავის მხრივ, მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და დასასვენებელ-ეკოტურისტული პოტენციალით. კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილი, ტბები, ჭალები და ისტორიული ძეგლები — ეს ყველაფერი ხდის ხობს იდეალურ ადგილად ეკო და აგრო ტურიზმის განვითარებისთვის, რაც ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკის სტიმულად შეიძლება იქცეს.
შეხვედრაზე ყველა დაეთანხმა, რომ „მწვანე განვითარება“ მხოლოდ გარემოს დაცვა არ არის — ის ეკონომიკური და სოციალური პროგრესის აუცილებელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი ეკოსისტემების მართვაში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის, ადგილობრივი თემის, ახალგაზრდებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობა.

ეს შეხვედრა იყო ერთგვარი გზამკვლევი, სადაც დაისვა მთავარი კითხვა — როგორ ვაქციოთ ფოთი და ხობი მწვანე ცვლილების ლიდერებად დასავლეთ საქართველოში?

ნარჩენების სეპარაცია და სისტემური ბარიერები — პასუხისმგებლობა ცენტრიდან და ადგილიდან

ფოთის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაზე წლებია საუბრობს ასოციაცია „დიოსკურიას“ ხელმძღვანელი ნონა ხუხია. შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სეპარაციის სისტემის დანერგვა არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკური ნების საკითხია. მისი შეფასებით, პრობლემა მოდის არა ადგილობრივი ადმინისტრაციის უუნარობიდან, არამედ სისტემური დაბრკოლებებიდან — განსაკუთრებით ფისკალურ და საკანონმდებლო დონეზე.

„მუნიციპალიტეტებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური და სამართლებრივი ბერკეტი იმისთვის, რომ სერიოზულად დაიწყონ ნარჩენების სეპარაცია. ეს დეცენტრალიზაციის არქონის შედეგია,“ — განაცხადა ხუხიამ.

„თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაც კრიტიკულია — ცნობიერების ამაღლებაზე ძალიან ბევრი სამუშაოა“, — დასძინა მან.

მისი მოსაზრებების პასუხად, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკვე დაგეგმილია კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის — ელექტრონული ნარჩენების სეპარაციის სისტემის ამოქმედება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობასთან ერთად მოითხოვს ბიზნესის აქტიურ პასუხისმგებლობასაც.

„მწვანე ტრანზიცია ვერ შედგება, თუ კერძო სექტორი თამაშგარე დარჩება. გარემოზე ზრუნვა — ეს მათი ვალდებულებაცაა, არა მხოლოდ მომხმარებლებისა და მუნიციპალიტეტების,“ — აღნიშნა კუპრაშვილმა.

ფოთის პორტი: გარემოსდაცვითი ვალდებულებები, ფინანსური წვლილი და ბიზნესის გამოწვევები

ფოთის უმსხვილესი დამსაქმებელი — APM Terminals Poti — არ იხევს უკან გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებისგან, თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ეთუნა ცოტნიაშვილმა შეხვედრაზე განმარტა, სისტემური ბარიერები და ეკონომიკური მოდელის არათანმიმდევრობა მათ საქმიანობაზე პირდაპირ აისახება.

ცოტნიაშვილმა საზოგადოებას გაუზიარა, თუ რა გარემოსდაცვითი სტანდარტებით მუშაობს პორტი, მათ შორის კონტრაქტორ კომპანიებთან ნარჩენების სეპარაციის პროცესში. თუმცა პრობლემა იქ იწყება, როცა სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენები მაინც ერთიანად ხვდება ქალაქის ნაგავსაყრელზე — რაც მცდელობებს აზრს უკარგავს.

„საპრაქტიკოდ რომ ვთქვათ — თუკი საბოლოოდ ნაგავი მაინც არ იყოფა, არც თანამშრომელს აქვს მოტივაცია, ნარჩენი წინასწარ სწორად დაახარისხოს. ჩვენ გვინდა ცვლილება — მაგრამ სისტემამ მთლიანად უნდა იმუშაოს,“ — აღნიშნა ცოტნიაშვილმა.

ფინანსური თემაც არ გამორჩენიათ. ცოტნიაშვილი მიესალმა საკონტეინერო მოსაკრებლის კანონით დამკვიდრებას, რომლის მეშვეობითაც ფოთის ბიუჯეტში შემოსავალი გროვდება. თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ეკონომიკური წვლილისა, რომელსაც პორტი ყოველდღიურად ახორციელებს:

„ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტში გადავიხდით მნიშვნელოვან თანხებს. სამართლიანი იქნებოდა, ამ ფონდიდან რაღაც ნაწილი ისევ ფოთს მოხმარებოდა — როგორც ინფრასტრუქტურაში, ისე ეკოლოგიურ მიმართულებაში,“ — განაცხადა ცოტნიაშვილმა.

ის ასევე გამოსავალს ხედავს საერთო პლატფორმის შექმნაში, სადაც ბიზნესები პარტნიორებთან რეგულარულად იმსჯელებენ საჭიროებებზე, რესურსებსა და გარემოსდაცვით პრაქტიკებზე:

„ბიზნესს სჭირდება საუბრის სივრცე — ადგილობრივ მთავრობასთან, საზოგადოებასთან, განათლების სექტორთან. ეს არამხოლოდ პრობლემების გამკლავებას, არამედ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის,“ — დასძინა ცოტნიაშვილმა.

კადრების დეფიციტი კი, მისი თქმით, დღევანდელი ყველაზე მწვავე პრობლემაა. პორტს ტექნიკურ პოზიციებზე უჭირს კვალიფიციური სპეციალისტების პოვნა, რაც არა მხოლოდ ბიზნესის ოპერირებას აფერხებს, არამედ ზოგად რეგიონულ ეკონომიკასაც აზარალებს:

„ფოთს სჭირდება უფრო ხელმისაწვდომი და მოქნილი პროფესიული განათლება. ჩვენ ბაზარი ვართ, მაგრამ მომზადებული კადრი ცოტაა,“ — დაასრულა ცოტნიაშვილმა.

ტექნიკა გვაქვს, მაგრამ არ ვიყენებთ — ნარჩენების სეპარაცია ფოთში სტაგნაციის რეჟიმშია

ნარჩენების სეპარაციის თემა შეხვედრაზე არაერთხელ გახდა განხილვის საგანი — როგორც სისტემური პრობლემის, ისე შესაძლო სწრაფი გამოსავლის კონტექსტში. ასოციაცია „დიოსკურიას“ ხელმძღვანელმა ნონა ხუხიამ პრაქტიკული მაგალითით შეეცადა დაენახებინა, რომ არსებული პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური ნების უკმარისობის შედეგია.

მისი თქმით, ფოთს უკვე აქვს ტექნიკური შესაძლებლობები, კერძოდ — საპრესი აპარატი, რომელიც ნარჩენების სეპარაციის პროცესის გამარტივებას ემსახურება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აპარატი უმოქმედოდ დევს და რეალურად არ გამოიყენება.

„ქალაქს აქვს ტექნიკა, რომელიც წლების წინ შეიძინა, მაგრამ არავინ იყენებს. ერთი სპეცმზიდი მანქანა საკმარისია, რომ სეპარაციის პროცესი რეალურად ამოქმედდეს,“ — აღნიშნა ხუხიამ.

მისი შეფასებით, ადგილობრივ ხელისუფლებას სეპარაციის ტექნიკური ბარიერი არ აქვს — მთავარი ბარიერია გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებული ტემპი და არაეფექტური ადმინისტრირება.

 მოქალაქეთა აქტივიზმი, ცნობიერება და სოციო–ეკოლოგიური წინააღმდეგობა

რეგიონული ბიზნესების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით ტექნიკურ პროფესიებში. შეხვედრის მსვლელობისას სწორედ ამ საკითხზე დასვა კითხვა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა, რომელიც დაინტერესდა, რას აკეთებს პროფესიული განათლების სისტემა, რათა ბიზნესს შესაძლებლობა ჰქონდეს მოიზიდოს და შეინარჩუნოს კადრები ადგილზე.

კითხვას უპასუხა კოლეჯ „ფაზისის“ ხარისხის მართვის მენეჯერმა ეკა ფოჩხუამ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმ სპეციალობებზე, რომელთა განვითარებაც კოლეჯის პრიორიტეტია.

მისი თქმით, კოლეჯი ცდილობს ბაზრის მოთხოვნებზე ოპერატიულად და რეგიონულ სპეციფიკაზე მორგებულად რეაგირებას. გარდა დეფიციტური პროფესიებისა, როგორიცაა ელექტროტექნიკა, ლოგისტიკა და მექანიკა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეთევზეობის მიმართულებას, რომელიც სამეცნიერო და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებს.

„ფოთის და მთლიანად შავი ზღვის სანაპიროს სპეციფიკიდან გამომდინარე, კოლეჯში განსაკუთრებით გაძლიერებულია მეთევზეობა. გვყავს სამი სპეციალიზებული მიმართულება — აკვაკულტურა, თევზის გადამუშავება და მცირე ნავების მართვა. ეს პირდაპირ პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც გვაქვს როგორც პორტთან, ისე ადგილობრივ ეკონომიკასთან მიმართებით,“ — განაცხადა ფოჩხუამ.

ფოჩხუას თქმით, კოლეჯი თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ისე კერძო სექტორთან — მათ შორის APM Terminals-თანაც — იმისთვის, რომ სწავლის პროცესში სტუდენტებმა პირდაპირი კავშირი დაამყარონ რეალურ სამუშაო გარემოსთან.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პროფესიულ განათლებას სჭირდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რათა ახალგაზრდებმა და მშობლებმა ხელახლა დაინახონ ამ გზის პრაქტიკული ღირებულება — როგორც დასაქმების, ისე ეკონომიკური სტაბილურობისთვის.

 

მოქალაქეთა ჩართულობა და სექტორთათაშორისი დიალოგი — აუცილებლობა მდგრად გადაწყვეტილებებში

„პრობლემას ჩვენ ვაწყდებით იმით, რომ ახალი ინიციატივების დაწყებისას ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის თითქმის არ არსებობს პირდაპირი კომუნიკაცია ადგილობრივ საზოგადოებასთან. კომუნიკაციის ამ ნაკლებობის გამო კი ყველა ზარალდება — ზარალდება არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ ბიზნესიც და სახელმწიფოც,“ — აღნიშნა მედიაექსპერტმა და JRC-ის თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა, შეხვედრაზე, რომელიც ფოთისა და ხობის მწვანე ტრანზიციას დაეთმო.

მისი შეფასებით:

  • მოქალაქეთა ჩართულობა კონცეპტუალურად არ არის საკმარისად გათვალისწინებული — მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც არ პასუხობს უშუალო საზოგადოების საჭიროებებს.
  • კარგი გადაწყვეტილებები იბადება დიალოგის შედეგად — როცა ბიზნესი და ხელისუფლება მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას, უსმენს განსხვავებულ აზრს და ერთობლივ გადაწყვეტამდე მიდის.
  • გასაგები და გამჭვირვალე კომუნიკაცია ერთგვარი გარანტიაა, რომ ინიციატივები უფრო ეფექტურად და უფრო ფართო მხარდაჭერით განხორციელდება.

კუპრაშვილი ხაზს უსვამს, რომ გარემოსთან დაკავშირებული ნებისმიერი ინიციატივა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როცა მოქალაქე ჩართულია დისკუსიაში, ხედავს პროცესს და ახერხებს მონაწილეობას.

მოქალაქეთა აქტივიზმი, ცნობიერება და სოციო–ეკოლოგიური წინააღმდეგობა

“სოკარ ყულევი ტერმინალის” წარმომადგენელმა საჯარო შეხვედრაზე აშკარად და მკაფიოდ აღნიშნა:

მესამე სექტორის, კერძოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება არის ერთადერთი ეფექტური გზა გარემოს დაცვაში — ასევე, კერძო საკუთრების უფლებების დაცვისთვის.


გამოსავალი: მოქალაქეთა ჩართულობა და პლატფორმული დიალოგი

ბაღათურია ამბობს, რომ გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარების რეალური ბალანსი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულიად საზოგადოება ჩართულია პროცესში — თვითმმართველობები, ბიზნესი და მოქალაქეები.

  • განვითარებული კომუნიკაცია: მიღწევა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, სადაც ყველა კითხვა დასმულია და პროცესი გახსნილია.
  • ციფრული და სოციალური მედიის შესაძლებლობების გამოყენება: რისკების, განზრახვისა და პოტენციური ზიანის გამჭვირვალე და დამაჯერებელი კომუნიკაცია.
  • სოლიდარობის შექმნა ადგილობრივ აქტივისტებსა და მეზობლებს შორის: საჭიროა ერთიანი, ყოვლისმომცველი პოზიცია.

🔍 ბაღათურიას ხედვით, მართებული პიარი ნიშნავს არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას, არამედ პოზიტიურ თვითორგანიზებასა და მოქალაქეთა ფართო ჩართულობას.

ბუნებრივი რესურსი – საერთო სიკეთე თუ დაპირისპირების წყარო?

დედამიწის ნებისმიერ კუთხეში სულ უფრო მეტ მოქალაქეს ესმის, რომ ბუნებრივი რესურსის დაცვა და მართვა არ არის ვიწრო სფერო — ეს თითოეული ადამიანის ინტერესია.

საქართველოში კი, როგორც JRC-ის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ამბობს, ჯერ კიდევ გვიჭირს ამ ცნობიერების ჩამოყალიბება.

„დროა შევთანხმდეთ — ბუნებრივი რესურსის რაციონალური გამოყენება საერთო ინტერესია. ის არ უნდა იქცეს დაპირისპირების, ეჭვის ან ბრალდების მიზეზად. პირიქით — ეს უნდა იყოს შეთანხმებისა და ღირსეული განვითარების საფუძველი,“ — აღნიშნა კუპრაშვილმა საჯარო შეხვედრაზე, რომელიც ფოთისა და ხობის მწვანე ტრანზიციას ეძღვნებოდა.


ვისთვის არის ბუნებრივი სიმდიდრე?

მისი თქმით, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკით და ადგილობრივი კანონმდებლობით გაწერილი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი რესურსის გამოყენებისას პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი უნდა განიხილებოდეს — იქნება ეს მათი დასაქმება, ბიზნესი თუ კომპენსაციის მიღების უფლება.

„არ არსებობს ცივილური საზოგადოება, სადაც მოქალაქეს წაართმევენ ბუნებრივ რესურსს და არ შესთავაზებენ თანაბარ სარგებელს — დასაქმებას, სოციალურ პროგრამებში ჩართულობას ან პირდაპირ კომპენსაციას. საქართველოში კი, კომპენსაციის აღება ხშირად ისე ჩანს, თითქოს ეს მორალური დანაკარგია და არა ლეგიტიმური უფლება,“ — აღნიშნა კუპრაშვილმა.


როდესაც სიმდიდრე სიღარიბის მიზეზი ხდება

კუპრაშვილი მკაფიოდ ასახელებს პრობლემას — საქართველოში ბუნებრივი რესურსი, რომელიც უნდა იყოს რეგიონის კეთილდღეობის საფუძველი, ხშირ შემთხვევაში ხდება მოსახლეობის გაღარიბების, გაუცხოების და კონფლიქტების მიზეზი. ეს ეხება ყველა ტიპის სიმდიდრეს — იქნება ეს ოქრო, მანგანუმი, ტყე, მდინარე თუ ზღვის რესურსი.

„ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც შეიძლება იყოს კაპიტალი, ხშირად იქცევა წყევლად, როცა პროცესში ადგილობრივი ადამიანი არც ჩანს, არც ისმის და არც იგრძნობა. ასეთ შემთხვევაში, რესურსის წართმევა კი არა — მისით სარგებლობა იწვევს ნგრევას,“ — აღნიშნა მან.


გამოსავალი: შეთანხმება, ჩართულობა და ღირსება

ნათია კუპრაშვილი ხაზს უსვამს — გამოსავალი მხოლოდ ერთი გზით მოდის: თანხმობა, ჩართულობა და ღია მოლაპარაკება.

როდესაც მოქალაქეები მიხვდებიან, რომ ბუნებრივი რესურსი საერთო საკუთრებაა და როცა სახელმწიფოც და ბიზნესიც ამას გაუზიარებენ — სწორედ მაშინ იქნება შესაძლებელი, რომ ბუნებრივი სიმდიდრე არა სიღარიბის, არამედ განვითარების საფუძვლად გადაიქცეს.

თევზის საწარმოები და სამედიცინო ნარჩენები

შეხვედრაზე ადგილობრივებმა ისაუბრეს იმაზე, რომ ფოთის სანაპიროზე ხშირად გვხვდება სამედიცინო ნარჩენები, რაც განსაკუთრებულად საშიშია — როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველური სამყაროსთვის.

ამასთან, გავრცელებული პრაქტიკაა, რომ თევზის გადამამუშავებელი საწარმოები თავიანთ ცხიმოვან ნარჩენებს პირდაპირ რიონში უშვებენ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე.

„შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს — მდინარეს ზემოდან ცხიმის ფენა აქვს გადაკრული, აი ისე, თითქოს პარკშია გახვეული. ეს ფენა ჟანგბადს არ ატარებს და ფაქტობრივად ახრჩობს წყალქვეშა არსებებს,“ — აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი მონაწილე.


ფაუნისა და ფლორის განადგურება

წყლის ზედაპირზე ცხიმოვანი ფენის დაგროვება წყვეტს ჟანგბადის ცირკულაციას, რაც მდინარის ბიომრავალფეროვნებას კლავს.

ადგილობრივების თქმით, წლების წინ ამავე ადგილებში თევზაობა ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო — დღეს კი, თევზიც იშვიათად ფიქსირდება და წყლის ხარისხიც დრამატულად გაუარესდა.


გამოსავალი: ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ერთ მუნიციპალიტეტს აღარ შეუძლია რიონის დაცვაზე პასუხისმგებლობის აღება — აუცილებელია ინტერმუნიციპალური მიდგომა, რაც გულისხმობს:

  • ერთობლივ მონიტორინგს და მდინარის ხარისხის რეგულარულ შეფასებას;
  • სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ წყლის რესურსების დაბინძურების მაჩვენებლების გაზიარებას;
  • საწარმოების კონტროლის ერთიან და მკაცრ რეგულირებას;
  • და რაც მთავარია — საჯაროობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

„რიონი მხოლოდ ფოთის მდინარე არ არის — ეს ყველა ჩვენგანის სარკეა. და თუ ერთი მუნიციპალიტეტი წყვეტს მდინარეზე ზრუნვას, ეს ყველაზე ცუდად აისახება,“ — აღნიშნა ერთ-ერთმა გარემოსდამცველმა შეხვედრაზე.

ფოთელი ფერმერები

ფოთის ფერმერები სრულიად მოწყვეტილნი არიან იმ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს.

როგორც ადგილობრივი მედიის — „მეცხრე ტალღის“ — მენეჯერი გერმანე სალია ამბობს, თვითმმართველ ქალაქებში მოქმედი ფერმერები ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სუბსიდიებითა და გრანტებით, რაც სერიოზულ უთანასწორობას ქმნის.

„ფოთელი ფერმერები ძირითადად პროგრამების მიღმა რჩებიან. რადგან ფოთი თვითმმართველი ქალაქია, ზოგ პროგრამაში ის უბრალოდ არ ჯდება. შედეგი? ფერმერს არ აქვს წვდომა რესურსზე, რომელიც მის კოლეგას სამეგრელოს სხვა რაიონში აქვს,“ — აღნიშნა სალიამ.

ეს ჩიხი პირდაპირ აისახება იმაზე, რომ ადგილობრივი ფერმერები განვითარების შესაძლებლობას ინდუსტრიულ სერვისებში ხედავენ და არა სოფლის მეურნეობაში.

სალიას თქმით, სახელმწიფოსგან დაფინანსებისა და მხარდაჭერის არარსებობის გამო, ფერმერები პრაქტიკულად იძულებულნი ხდებიან თავიანთ მიწებზე ტერმინალები დაუშვან.

„როცა ფერმერი ხედავს, რომ ვერაფერს ქმნის — რომ მის მიწას არ აქვს სარგებელი — ის აღარ ფიქრობს მიწის დამუშავებაზე, არამედ მოლაპარაკებაზე ბიზნესთან, რომელიც ტერმინალის აშენებას სთავაზობს. ეს პირდაპირი შედეგია იმ პოლიტიკის, რომელიც ერთ ნაწილს სთავაზობს მხარდაჭერას, ხოლო მეორეს არა,“ — განაცხადა სალიამ.

ფოთის მომავალი წყლის ტურიზმში უნდა ვეძებოთ

მსოფლიოს ყურადღება ახლა შუა სატრანსპორტო დერეფნისკენაა მიპყრობილი — საქართველოც აქტიურად ფიგურირებს როგორც კავშირების, ლოგისტიკისა და ტრანზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი. თუმცა მხოლოდ ლოგისტიკა არაა ფოთის პოტენციალის ზღვარი — როგორც სათევზაო ტურიზმის სპეციალისტი გიორგი ხომერიკი ამბობს, ქალაქი უნდა მიხვდეს, რომ მისი მდგრადი განვითარება ზღვასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან ეკონომიკურ მიმართულებებშია.

„ფოთის განვითარება მხოლოდ პორტის ამუშავებაზე არ უნდა იყოს მიბმული. ამ ქალაქს აქვს რესურსი, რომ გახდეს ტურისტული და სპორტული ცენტრი — სათევზაო ტურიზმით დაწყებული, წყალზე სპორტის მიმართულებით გაგრძელებული,“ — აცხადებს ხომერიკი.


ფოთი როგორც სათევზაო ტურიზმის ეპიცენტრი

მისი თქმით, ქალაქს განსაკუთრებული რესურსი გააჩნია თევზაობის კულტურის განსავითარებლად:

  • 8 ტბა
  • 2 მდინარე
  • ზღვის აკვატორია
  • კოლხეთის ეროვნული პარკი
  • პალიასტომის ტბა

ეს ყველაფერი ქმნის სრულყოფილ პირობებს, რათა ფოთმა სათევზაო ტურიზმისა და თევჭერის საფუძველზე მიიღოს დიდი ეკონომიკური სარგებელი — ტურიზმიდან შემოსავლის, ადგილობრივი დასაქმების და სერვისების ზრდის სახით.


ბრაკონიერობა ტბებზე — საფრთხე არა მხოლოდ ბუნების, არამედ ეკონომიკური მომავალისთვის

თუმცა ამ პოტენციალის რეალიზაციას გზად უზარმაზარი ბარიერი ეღობება — ბრაკონიერობა, რომელიც, ხომერიკის შეფასებით, უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს ფოთის ტბებზე და ეკოციდის ნიშნებს იღებს.

„დღეს ბრაკონიერობა ტბებზე თითქმის დაუფარავად მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში ვერც თევზი გამრავლდება და ვერც ტურისტი დაბრუნდება მეორედ,“ — აცხადებს სპეციალისტი.

გამოსავალს ხომერიკი ხედავს ტბების ერთიანი სისტემური მართვისა და მონიტორინგის მოდელში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მდგრადი გამოყენება და სამართლებრივი კონტროლი.


წყლის სპორტი და სპორტული ტურიზმი — ფოთის ძველი შანსი ახალ სინათლეში

გიორგი ხომერიკი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ უპირატესობაზე — წყლის სპორტის განვითარების შესაძლებლობაზე, რომელიც ქალაქს ბუნებრივად გააჩნია, თუმცა პრაქტიკულად არ არის გამოყენებული.

„ფოთს აქვს პირობები წყლის სპორტის გასავითარებლად — ნიჩბოსნობა, აფრასპორტი, თევზაობის ტურნირები. აქ შეიძლება ჩამოვიდნენ როგორც ტურისტები, ისე პროფესიონალი სპორტსმენები. თუ ამას დავინახავთ, ფოთის ეკონომიკაც ახალ სუნთქვას მიიღებს,“ — ამბობს ხომერიკი.

ფოთი არა მხოლოდ პორტია — ეს არის ზღვაზე გადაჭიმული ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტურისტული შესაძლებლობების პლატფორმა. სათევზაო და სპორტული ტურიზმის გაძლიერება, რესურსების დაცვა და ცნობიერების ამაღლება, გიორგი ხომერიკის ხედვით, ფოთს გარდაქმნის სქემაზე დამოკიდებულიდან ინოვაციური და მრავალმხრივი განვითარების ქალაქად.


ზღვის ქალაქი ზღვასთან ზურგით — ფოთს საზღვაო სტატუსის აღდგენა სჭირდება

ფოთი ზღვის ქალაქია, რომელიც ზღვასთან ზურგით დგას — ასე აღწერს ქალაქის ამჟამინდელ ურბანულ და ტურისტულ განწყობას მხარეთმცოდნე ალექსანდრე ქავთარაძე, რომელიც ფოთის საზღვაო იდენტობის დაბრუნებასა და მის ტურისტულ განახლებაში მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს.

ქავთარაძის თქმით, ფოთმა დაკარგა ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფუნქცია — საზღვაო სამგზავრო ნავმისადგომი, ე.წ. მორვაგზალი, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ქალაქის იმიჯს როგორც საზღვაო ტურიზმის ცენტრისა.

„ფოთს დღეს ვეღარ აღიქვამენ როგორც ზღვის ქალაქს. ტურისტიც რომ შემოვიდეს, მას არანაირი საზღვაო გამოცდილება არ ხვდება — არც ნავსადგური, არც სამგზავრო გემი, არც ბულვარი, რომელიც ზღვას უკავშირდება. ქალაქი ისე გაშენდა, რომ ზღვისკენ ზურგით აღმოჩნდა. ფოთი დღესაც ზურგით დგას ზღვისკენ,“ — ამბობს ქავთარაძე.

საზღვაო მიმოსვლა — ტურიზმის განვითარების საკვანძო ელემენტი

მხარეთმცოდნის აზრით, საზღვაო-სამგზავრო მიმოსვლის გააქტიურება, თუნდაც ბათუმთან ან მეზობელ ქვეყნებთან, ფოთში ტურიზმს მყისიერად აამუშავებდა. ეს არა მხოლოდ ტურისტების გადაადგილებას შეუწყობდა ხელს, არამედ ქალაქს დაუბრუნებდა ზღვის იდენტობას — როგორც ისტორიულს, ისე ფუნქციურს.


კეფალის ფესტივალი — კულტურული ძრავა საზოგადოებრივი განხილვისთვის

ფოთში 2018 წლიდან ყოველწლიურად იმართება კეფალის ფესტივალი, რომელიც ქალაქის იდენტობას, ზღვის ტრადიციებსა და მოქალაქეთა თვითშეგნებას აერთიანებს.

ფესტივალის ორგანიზატორი წელს საზოგადოებას ფოთის განაშენიანების გენერალური გეგმის საჯარო განხილვაზეც ეპატიჟება — იმ იმედით, რომ მოქალაქეები თავად გახდებიან ჩართული იმაში, თუ როგორ უნდა განვითარდეს მათი ქალაქი.

„ფოთელებს შენჯღრევა სჭირდებათ და მოდით ერთად შევანჯღრიოთ. აქ ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელთაც თავდაჯერება აკლიათ. ამაში უნდა დავეხმაროთ, გამბედაობა შევძინოთ,“ — უთხრა ფესტივალის ორგანიზატორმა JRC-ის თავმჯდომარეს ნათია კუპრაშვილს და მას ფესტივალზე მონაწილეობა სთხოვა.


რწმენა იწყება ჩართულობით — ფოთი და ხობი არჩევანის წინაშე

ფოთისა და ხობის მწვანე ტრანზიციაზე გამართულმა საჯარო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ერთმნიშვნელოვნად მნიშვნელოვანი რამ: განვითარება მხოლოდ მაშინ ხდება მდგრადი და სამართლიანი, როცა მასში ადამიანი მონაწილეობს — არა როგორც დამკვირვებელი, არამედ როგორც თანაწარმოებული პროცესის აქტიური მხარე.

შეხვედრის დასასრულს ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა მთავარი გზავნილი:

თუ ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული არ იქნება გადაწყვეტილებებში, მომავალიც ყოველთვის გარედან ჩამოსხმული და შიგნიდან გაუცხოებული იქნება. უკეთესი მომავლის რწმენა კი მხოლოდ მაშინ ბრუნდება, როცა ადამიანები გრძნობენ, რომ პროცესების ავტორები თავად არიან.

ფოთის პორტი, ხობის ეკოტურისტული სივრცეები, კოლხეთის ჭარბტენიანი ტყეები, ადგილობრივი ხელოვნება და სათევზაო ტრადიციები — ეს ყველაფერი არ არის ერთმანეთისგან განცალკევებული რესურსები. ეს არის ერთი მთლიანობა, რომელიც საჭიროებს ინტეგრირებულ მართვას, მჭიდრო თანამშრომლობას და ყველაზე მთავარს — ხალხის სიტყვას.

როცა ქალაქი ზურგს აღარ აქცევს ზღვას, როცა მოქალაქეს აღარ უმალავენ განხილვებს და როცა ბუნებრივი სიმდიდრე ყველას კეთილდღეობას ემსახურება — მაშინ ფოთი და ხობი იქცევა არა მხოლოდ მწვანე ზოლად რუკაზე, არამედ ცოცხალ ზონად, სადაც განვითარება ადამიანით იწყება.