ახალი ამბები
კრემლისტური დეპეშები ქართულ Telegram-ზე

კრემლისტური დეპეშები ქართულ Telegram-ზე

ქართულენოვანმა Telegram-მა მიზნობრივ აუდიტორიაში 2024 წლის არჩევნებამდე კრემლისგან  მხარდაჭერილი დეზინფორმაციით შექმნილი სურათი შეავსო და გაამყარა – ამას IWPR-ის მიერ  OSINT-ით ჩატარებული გამოძიება  აჩვენებს.

ამ სტატიაში ნახავთ:

  • რომ პრო-კრემლისტურმა არხებმა, რომელიც გამოძიებამ გამოავლინა, მაინც შეძლო 62 000-ზე მეტ ქართველ გამომწერზე გასვლა, 17 არხის გამოყენებით, იმ ფონზე, როცა მიიჩნევა, რომ  Telegram-ს  შეზღუდული გამოყენება აქვს საქართველოში.  Telegram-ის აუდიტორიის განსხვავებული ქცევის გათვალისწინებით, რაზეც ჩვენი სტატია გიყვებათ, კიდევ უფრო საყურადღებოა, რომ გამომწერთა რაოდენობა  ამ არხებზე  კვლავ მზარდია. 
  • რომ საინფორმაციო ოპერაციები Telegram-ზე  აკავშირებს დეზინფორმაციას სენსიტიურ სოციალურ საკითხებთან, როგორიცაა დემოგრაფია, ოჯახური ღირებულებები,  განათლება.
  • რომ ეს ნარატივები იმეორებს, ან პირიქით ამ ნარატივებს იმეორებენ, მმართველობაში მყოფი პარტიის, ,,ქართული ოცნების” ლიდერები.  ეს მიდგომა ეხმარება აქტორებს მიაღწიონ ფართო აუდიტორიას და გამოიყენონ სოციალური დაყოფა ქართული საზოგადოების პოლარიზაციისთვის.
  • რომ პლატფორმაზე ადგილობირივი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაკლებჩართულობის ფონზე, კრემლი  ეფექტურად იყენებს ქართულონოვან ტელეგრამს და მაგალითად, გენდერსა და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციით, ახერხებს სოციალური დაძაბულობის შექმნასა და შენარჩუნებას ადგილობრივ საზოგადოებაში.

რატომ Telegram?

საქართველოში სოციალური მედიები ინფორმაციის მიღების მეორე (56,3%) და მნიშვნელოვანი წყაროა. პირველ ადგილზე, მათ შორის სულ ბოლოს 2025 წლის დასაწყისში გამოქვყენებული –  ,,საქართველოში მოსახლეობის განწყობის შესახებ კვლევით”  (ISSA), კვლავ ტელევიზიაა. ფაქტობრივად, არ მოიპოვება მონაცემები სოციალური მედიების პლატფორმებს შორის უშუალოდ Telegram-ის აუდიტორიის წილის შესახებ, თუმცა ჩვენი გამოძიება ადასტურებს, რომ პროკრემლისტური ქართულენოვანი არხების გამომწერთა რაოდენობა ამ პლატფორმაზე მზარდია.

რუსეთის მთავრობის  გავლენის მკვლევრებმა, Telegram-ის, ძირითადად, რუსულენოვანი კონტენტის მიმართ ინტერესი  უმეტესად მას შემდეგ გამოხატეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომით გამოწვეული კრიზისის ფონზე ტელეგრამის არხებზე ინფორმაციის მოძიება მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს. DFRLab მოგვიანებით კვლევაში აღნიშნავდა, რომ არც ერთ სოციალურ მედიას ისე არ გაუფართოვებია თავისი როლი გარე სამყაროში ომზე რუსული პერსპექტივის გასატანად, როგორც რუსი მეწარმის პაველ დუროვის მიერ 2013 წელს ამოქმედებულმა მესიჯების პლატფორმამ.

თუმცა საქართველოში პროკრემლისტურმა აქტორებმა Telegram-ის ათვისება უფრო ადრე, თან უმეტესად ქართულ და არა მარტო  რუსულ ენაზე, 2022 წლის თებერვლის მოვლენებამდე დაიწყეს, რისი მიზეზიც საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Facebook -ის პოლიტიკა გახდა, რომელიც პროპაგანდისტულ, დეზინფორმაციის გამავრცელებელ არხებს სულ უფრო და უფრო ზღუდავდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც Telegram-ის ათვისება დაიწყო პრორუსული კონსერვატიული მოძრაობა Alt-Info და მასთან დაკავშირებული პირები იყვნენ, რომელთა მიერ შექმნილი არხები ასევე მოხვდნენ ამ სტატიაში წარმოდგენილ  IWPR-ის მონიტორინგში.

რუსული პროპაგანდის მკვლევარი სოფო გელავა გვიდასტურებს ჩვენი კვლევის მიგნებას, რომ საქართველოში პრორუსული აქტორების მიგრაცია Telegram-ზე ამ პლატფორმის ბუნებით – შინაარსის მინიმალური მოდერაციითა  და პარალელურად Meta-ს მიერ დაწესებული შეზღუდვებით იყო გამოწვეული. სოფო იხსენებს, რომ მაგალითად, სხვა სივრცეებთან ერთად, სწორედ Telegram-ი გამოიყენეს ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა, როდესაც 2021 წლის 5 ივლისს მედიის დარბევა დააორგანიზეს, სადაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ერთი ოპერატორი, რომელმაც  დარბევისას  დაზიანებები მიიღო, რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

სოფო გელავასთან ინტერვიუს ჩაწერა საქართველოს ფარგლებს გარეთ მოგვიხდა,  დეზინფორმაციის მკვლევარმა ქვეყანა ნაჩქარევად მას შემდეგ დატოვა, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მისი და DFRLab-ის კიდევ ერთი მკვლევრის, ეთო ბუზიაშვილის სახლი პოლიციამ მოულოდნელად გაჩხრიკა, საეჭვო მოტივაციით ფინანსური დანაშაულის მოკვლევის თაობაზე. 

რომელი არხები გამოავლინა გამოძიებამ?

IWPR-ის მიერ Telegram არხებზე ქართულენოვანი კონტენტის კვლევამ OSINT-ის  გამოყენებით, გამოავლინა რუსეთის გავლენის ოპერაციების ტაქტიკური ცვლილება, რითაც საქართველოში Telegram ჩნდება, როგორც დეზინფორმაციის გავრცელების ახალი პლატფორმა.

უკვე ხსენებულ, ალტ -ინფოსთან ერთად, გამოვლენილი ქსელი მინიმუმ 17 არხისგან შედგება, რომელთა გამომწერების ერთობლივი რაოდენობა წინასაარჩევნოდ 62 000-ს აჭარბებდა, რაც  საქართველოს მოსახლეობისთვის, ტელეგრამის აუდიტორიის ქცევის გათვალისწინებით,  მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. 

ეს არხებია:

  • Altinfo – 11 205 გამომწერი
  • Zurab Makharadze – 4 563 გამომწერი
  • Beka Vardosanidze – 4 415 გამომწერი
  • World politics – 13 040 გამომწერი
  • Konstantine Morgoshia – 1 704 გამომწერი
  • Guram Falavandishvili – 1 657 გამომწერი
  • Giorgi Kardava – 2 163 გამომწერი
  • Irakli Martynenko – 1 569 გამომწერი
  • Anti-liberals – 714 გამომწერი
  • Altinfonews – 10 857 გამომწერი
  • Shota Martynenko – 2 088 გამომწერი
  • Who rules the world – 1 563 გამომწერი
  • Nikoloz Mzhavanadze- 2 703 გამომწერი
  • China News – 1 443 გამომწერი
  • Solar energy – 1 124 გამომწერი
  • New World Order – Resistance – 868 გამომწერი
  • Red pill – 567 გამომწერი

კვლევის დასრულებამდე ამ არხების  აუდიტორია  გაიზარდა.

რა საკითხებით კვებავენ პროპაგანდას?

კონტენტი, რომელიც ამ არხებზე გვხვდება, ძირითადად იმეორებს იმ დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომელსაც პროკრემლისტური აქტორები  სხვა მედიების, მათ შორის სოციალური მედიების საშუალებით ავრცელებენ. ამ ტაქტიკით პროპაგანდა ავსებს და ამყარებს დეზინფორმაციულ სურათს და მდგრადს ხდის მათ გავლენას მიზნობრივ აუდიტორიაზე. IWPR-ის მონიტორინგი განსაკუთრებულად გამოჰყოფს გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას, რასაც გამოვლენილი არხები გამჭოლად ავრცლეებენ.

შესწავლილი  პოსტების უმეტესი ნაწილი ამტკიცებს, რომ ფემინიზმი და ლგბტქ+ პროპაგანდა  დასავლეთიდან მომდინარეობს და საქართველოზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

ამ არხებით გავრცელებული კონტენტით აუდიტორიას, მაგალითად, არწმუნებენ, რომ თითქოს იელის გენდერულმა პედიატრიულმა კლინიკამ პაციენტების მიღება 3 წლის ასაკიდან დაიწყო;  რომ თითქოს  სქესის შეცვლის ქირურგიული და ჰორმონოთერაპიული ასაკი ,,ტრანსგენდერმა ორგანიზაციამ” დაბლა დაწია; რომ ბოლო წლებში გაიზარდა სქესის შეცვლის ოპერაციების რაოდენობა; რომ  კვლევებმა აჩვენა, რომ ტრანსგენდერები ხშირად განიცდიან დეპრესიას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუიციდური აზრები და თვითდაზიანება;

გვხვდება არაერთი გამონოგილი ისტორია, როგორიც იყო მაგალითად  ონტარიოში სკოლის მოსწავლეების მშობლების პროტესტი, რომლებმაც  გააპროტესტეს ტრანსგენდერი მასწავლებლის გამოჩენა კლასში და გამოხატეს შეშფოთება მისი ვიზუალის გამო და რომ, სკოლის საბჭომ განიხილა საკითხი და საბოლოოდ გადაწყვიტა არ დაეკმაყოფილებინა მშობლების მოთხოვნა, რითაც მასწავლებელს საშუალება მისცა გაეგრძელებინა მუშაობა. ვრცელდება დაუზუსტებელი ციტატა სკოლის დირექტორის სახელით, რომელშიც იგი თითქოს ,,ხაზგასმით აღნიშნავდა”, რომ „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პერსონალმა გამოხატოს საკუთარი გენდერული იდენტობა”.

გვხვდება მტკიცება იმისა, რომ  მომავალ გაზაფხულზე გერმანია პირველ საბავშვო ბაღს სპეციალურად გეი და ლესბოსელი ბავშვებისთვის გახსნია.

ფემინიზმის, ლგბტქ+ ინდივიდებისა და ლიბერალიზმის ნეგატიური გავლენის შესახებ ისტორიების გაზიარების გარდა, ეს არხები კარგად დამკვიდრებულ ტაქტიკას იყენებს. ასობით პოსტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ისინი გამოჰყოფენ  ქართულ საზოგადოებაში არსებულ ყველაზე სენსიტიურ საკითხებს და ცდილობენ ამ თემებს დაუკავშირონ გენდერულ და იდენტობასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია. პროპაგანდისტული გზავნილები სპეციალურად მორგებულია ადგილობრივებისთვის ისეთ მგრძნობიარე თემებს, როგორიცაა  დემოგრაფია, ოჯახი, განქორწინებების მაჩვენებელი და განათლების სისტემა. დეზინფორმაციული ნარატივები იმეორებს მმართველი პარტია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელთა გზავნილებს. შესწავლილ არხებზე IWPR -ის მკვლევრები არაერთგზის შეხვდნენ საკუთრივ „ქართული ოცნების“ ლიდერთა ციტირებას.

,,ოჯახზე თავდასხმა” – პროპაგანდის გამჭოლი თემაა, მთავარი მესიჯი, რომელსაც გამოკვლეული არხები ავრცელებენ, არის, რომ საქართველოში ოჯახის ინსტიტუტს საფრთხე ექმნება. ეს საფრთხე  პროპაგანდისტთა მტკიცებით, ყველა მხრიდან მომდინაროებს  – დაწყბებული უშუალოდ ე.წ. ,,გენდერული პოლიტიკით” , დასრულებული ,,2024 წლის ოლიმპიადის გახსნაზე დადგმული სცენებით”. ოლიმპიადის გახსნის სცენოგრაფია იქცა ერთგვარ კამპანიურ თემად ქართულენოვან ტელეგრამზე, იმის დასამტკიცებლად, რომ ყველა ასაკისა და რელიგიის ოჯახის ღირებულებებს ამგვარი სცენების დადგმით ერთნაირად უტევენ.

დემოგრაფიული მდგომარეობა ასევე ერთ-ერთი მთავარი თემაა პროპაგანდისტული ნარატივების გასავრცელებლად, მათ შორის ქართულენოვან Telegram -ზეც. ოფიციაულრი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში შობადობა მართლაც ყოველწლიურად მცირდება, გარდაცვლილთა მეტობა დაბადებულებეზე ასევე უფრო და უფრო იზრდება. 2023 წელს ეს ტენდენცია საქართველოს ყველა რეგიონში დაფიქსირდა, გამონაკლისი იყო მხოლოდ თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლის რეგიონი.

მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ემიგრაციაა, მარტო 2022 წელს საქართველო 15-დან 64 წლამდე 100 ათას ადამიანზე მეტმა დატოვა, ამავე წელზე მოდის 13 ათასამდე ემიგრანტი ბავშვი.

თუმცა გამოკვლეული პროპაგანდისტული არხებისთვის დემოგრაფიული პრობლემების წყარო კვლავ ,,ოჯახურ ღირებულებებზე შეტევა” და გენდერული პოლიტიკაა.

ამ კონტექსტში პოპაგანდისტები ავრცელებენ მაგალითად,  იტალიაში მემარხცენე ცენტრისტული კოალიციის ლიდერის ჯორჯია მელონის სიტყვას: ,,რატომ არის ოჯახი მტერი? რატომ ეშინიათ ასე ოჯახის? ამ კითხვებს მხოლოდ ერთი პასუხი აქვს. რადგან ის განგვსაზღვრავს ჩვენ. ეს არის ჩვენი ვინაობა. იმის გამო, რომ ყველაფერი, რაც განგვსაზღვრავს, ახლა მტერია მათთვის, ვისაც სურს, რომ არ გვქონდეს იდენტობა და ვიყოთ უბრალოდ მონები…”. 

ამავე კონტექსტში  მოჰყავთ ,,საერთაშორისო პრაქტიკის” მაგალითები, რომ მაგალითად ბელგრადში ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი გამოსვლებია”, ავრცელებენ პოლონეთის  კონსერვატიული პარტიის  ხელმძღვანელის  იაროსლავ კაჩინსკის გამოსვლას:  რომ …პოლონეთი უნდა აღუდგეს მსოფლიოში მიმდინარე კულტურულ რევოლუციას და დაიცვას  ტრადიციული ოჯახის მოდელი, რომელიც შედგება მამაკაცის, ქალისა და ბავშვებისგან”, რომ ბელგრადში ოჯახური ტრადიციული ღირებულებების დასაცავად ფართომასშტაბიანი გამოსვლებია და ა.შ

განქორწინებების სტატისტიკა – არის ასევე, რაც ასაზრდოებს პროპაგანდისტულ ნარატივებს, 22 275 ქორწინებიდან 13 664 განქორწინება 2023 წელს, ,,ლიბერალური ეკონომიკურ-პოლიტიკური და იდეოლოგიური სტრუქტურის” ბრალია.  სწორედ ,,გენდერულ-ლიბერალური პოლიტიკის განხორციელებამ განაპირობა საქართველოში განქორწინების მაჩვენებლის შემაშფოთებელი ზრდა”. ამ კონტექსტში პროპაგანდისთვის აუცილებელია პარალელის გავლება საბჭოთა პერიოდთან, ,,მჟავანაძის (ქართველი საბჭოთა პოლიტიკოსი, რომელიც 1953 წლიდან 1972 წლამდე კომუნისტური პარტიისა და საქართველოს სსრ-ის პირველი მდივანი იყო) დროს 2% იყო განქორწინების მაჩვენებელი, დღეს კი 70-ია.”

განათლების სისტემა – პროპაგანდისტული არხების მხრიდან კრიტიკის მუდმივი ობიექტია, იმის საილუსტრაციოდ, რომ ,,ლიბერალები” ბავშვებს ტვინებს ურეცხავენ. გამჭოლი და მუდმივი კითხვაა, თუ რა გავლენას მოახდენს სკოლებში „სექსუალური განათლების“ დანერგვა?  მუდმივი მოთხოვნაა, დააბრუნონ ხატები და ჯვრები სკოლებში, იმის მიუხედავად, რომ  სკოლების დიდ ნაწილში ხატები და ჯვრები არც არასდროს გაუტანიათ.

ფრაზები და მესიჯები, რომლებიც IWPR -ის გამოძიებამ ქართულენოვან პროპაგანდისტულ ქსელში იპოვა, მეორდებოდა “ქართული ოცნების” ლიდერების ირაკლი ღარიბაშვილის, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძის და სხვათა წინასაარჩევნო გამოსვლებში.

რამდენად ეფექტურია?

Cornell უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული უახლესი (2024) კვლევა, „პროპაგანდის გამავრცელებელი ანგარიშების დახასიათება და გამოვლენა Telegram-ზე“, რომელიც ეყრდნობა 7 მილიონზე მეტი Telegram კომენტარისა და შეტყობინებების დიდ მონაცემთა ბაზას, აჩვენებს, რომ  პლატფორმის მახასიათებლებიდან გამომდინარე დეზინფორმაცია ტელეგრამზე გაცილებით ეფექტური შეიძლება იყოს, ვიდრე სხვა სოციალურ მედიებში.

,,პროპაგანდისტული შეტყობინებების ეფექტურობის შედარებამ რეალური მომხმარებლების შეტყობინებებთან აჩვენა, რომ  გავრცელება ერთნაირია, რაც გვეუბნება, რომ მომხმარებლებს ამ პლატფორმაზე უჭირთ გაარჩიონ პროპაგანდისტული ანგარიშები ჩვეულებრივი ავთენტური ანგარიშებისგან“. 

იხილეთ, შესაბამისი დიაგრამა:

როგორ ყვავის დეზინფორმაცია ტელეგრამზე? ამ კითხვის პასუხები მკვლევარმა, ანასტატიას ტეტარენკომ, სპეციალურად, გავლენიანი ბალტისპირული მედიისთვის Re:baltica-სათვის გაანალიზა – სტატიაში “კრემლის პროპაგანდა ჩვენს ჯიბეში”.  როგორც ავტორი ასკვნის, ბალტიისპირეთში, ადგილობრივი რუსულენოვანი მოქალაქეებისაკენ მიმართულ ყველაზე პოპულარულ არხებს რაოდენობრივად დიდი მიმდევრები არ ჰყავთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი: მათი მთავარი როლი არის ერთმანეთის შინაარსის გაძლიერება და შთაბეჭდილების შექმნა, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს ერთნაირად.  ასეა ქართულენოვან სივრცეშიც, რაზეც ქვემოთ ერთ-ერთი Telegram არხის ავტორიც გვიყვება. 

ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და  საქართველოს სხვა მსგავსებაც აღმოჩნდათ, ორივეს შემთხვევაში Telegram -ის გამოყენება გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რაღაც ფორმით შეიზღუდა სხვა საინფორმაციო არხები:  თუკი საქართველოში ტელეგრამის გამოყენებისკენ აქტორებს  Meta-ს პლატფორმაზე არსებულმა კონტენტ შეზღუდვებმა უბიძგა, ბალტიისპირეთის შემთხვევაში, ტრიგერის როლი კრემლისტური სატელევიზიო და ონლაინ მედიების აკრძალვამ შეასრულა. 

Telegram არის ე.წ. ღრუბელზე დაფუძნებული მყისიერი შეტყობინებების პლატფორმა, რომელიც პოზიციონირებს  სიჩქარის უნარით, უსაფრთხოებით და მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის აქცენტით. Telegram საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაგზავნონ ტექსტური შეტყობინებები, ხმოვანი შეტყობინებები, მულტიმედიური ფაილები და განახორციელონ ხმოვანი და ვიდეო ზარები. Telegram-ის მთავარი მახასიათებელია დიდი ჯგუფური ჩეთებისა და სამაუწყებლო არხების მასპინძლობის შესაძლებლობაა, თუმცა განმასხვავებელი სწორედ ისაა, რომ ამ არხებს მომხმარებლები თავად ირჩევენ  და ირჩევენ ინტერესის მიხედვით. 

ტელეგრამის პლატფორმის ბუნებიდან გამომდინარე, ის არ ჰგავს სხვა სტანდარტულ სოციალური მედიის პლატფორმებს, რომელშიც შინაარსი მომხმარებელთან თაიმლაინზე, ალგორითმის მეშვეობით წინასწარშერჩევით და არსებული პრეფერენციების მიხედვით ჩნდება და ამავდროულად, მაინც შეიძლება მისწვდეს რენდომ მომხმარებელსაც. ტელეგრამის შემთხვევაში სამიზნე აუდიტორიაზე წვდომა და შესაბამისად გამომწერის ქცევა განსხვავებულია, რაც ასევე აისახება ტელეგრამ ჯგუფის გამომწერის მიერ ინფორმაციის მიღება-გავრცელების ფორმებზე. 

სხვადასხვა კვლევა და ასევე ჩვენს წყაროებთან ჩაღრმავებული ინტერვიუები მიგვითითებს ტელეგრამის აუდიტორიის განსხვავებულ ქცევაზე, რაც უმეტესწილად მათ მიერვე ტელეგრამით მიღებული ინფორმაციის მაღალი რეპლიკაციის -როგორც უშუალოდ ტელეგრამზე, ისე  სხვა სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეებში ინფორმაციის გადატანის მაჩვენებლით ხასიათდება.

ტელეგრამში პროპაგანდის ეფექტურობაზე ჩვენ ვესაუბრეთ რეპაბლიკას მკვლევარს, ანასტატიას ტეტარენკოს.

ვინ დგას ამ არხების უკან?

შესწავლილ არხებთან დაკავშირებული პირები გამოირჩევიან პრორუსული განცხადებებით, აკრიტიკებენ დასავლეთისა და უკრაინის ხელისუფლებას, ასევე მოითხოვენ საქართველოს შეცვალოს პროდასავლური კურსი. უარს ამბობენ ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე და  ნაცვლად, საჭიროდ თვლიან მოლაპარაკებების დაწყებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

იმისთვის, რომ ადამიანები კრემლის პროპაგანდას ავრცელებდნენ, ექსპერტთა აზრით, სრულად არ არის აუცილებელი მაინც და მაინც კრემლი უშუალოდ გასცემდეს მითითებებს. დეზინფორმაციის კიდევ ერთი ბალტიელი მკვლევარი მარტინს ჰირსი ხაზს უსვამს, რომ პრო-კრემლისტურ შეტყობინებებს ავრცელებენ ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებსაც სჯერათ კრემლის ნარატივების მსოფლიოს შესახებ, ან იღებენ მათგან რაიმე პირად სარგებელს: „დიახ, კრემლი – პუტინი, ლავროვი და სხვები – აყალიბებს ტონს ან მთავარ მესიჯებს, რომლებიც მეორდება რუსეთში და ემოციურად რეზონანსდება აუდიტორიაში კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით. ამავდროულად, კრემლი პირდაპირ აკონტროლებს ბევრ გავლენიანს და ტროლს, რომლებიც იმეორებენ საჭირო მესიჯებს სოციალურ ქსელებში“ – ამბობ ჰირსი.

თუმცა, ამ გამოძიებით გამოვლენილი ქსელის ანგარიშების შემქმნელები უკვე პირდაპირ და არაერთგზის არიან დადანაშაულებული კრემლთან კავშირში. იგივე პირები მჭიდრო მომგებიან კოოპერაციაში არიან ,,ქართული ოცნების” მთავრობასთან.

 ჩვენ აქ გამოვყოფთ 17 არხიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი მიმდევრების მქონე არხებს, რომლებიც დაკავშირებულია პრორუსულ პარტია, “კონსერვატიული მოძრაობასთან” და AltInfo-სთან – ულტრამემარჯვენე, პრორუსულ მედია კომპანიასთან, რომელიც ცნობილია სიძულვილის ენით მაუწყებლობით და ძალადობრივი დემონსტრაციებით.

2024 წლის დეკემბერში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დაუწესა AltInfo-ს ორ დამფუძნებელს: ზურაბ მახარაძეს და კონსტანტინე მორგოშიას. ორივე შეყვანილ იქნა გლობალურ ,,მაგნიტსკის სიაში”.  აღნიშნული სია თავდაპირველად შეიცავდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და „ეფესბეს“ წარმომადგენლების სახელებს.

ალტ-ინფო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით მონაწილეობდა. რამდენიმე წლის წინ ყოფილი პოლიტპატიმარის, მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა ჟურნალისტურმა საგამოძიებო პლატფორმამ „დოსიე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვა დოკუმენტები, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ არჩევნების წინ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები ურჩევდნენ და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშები სახელმწიფო სტრუქტურებს წარედგინათ.

დოსიეს მიხედვით, პატრიოტთა ალიანსმა 700 000 დოლარი გადაუხადა Politsecrets-ს, საკონსულტაციო ფირმას, რომელსაც ხელმძღვანელობს პოლიტტექნოლოგი უსაფრთხოების სააგენტოების მეთვალყურეობის ქვეშ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს იყო 8,5 მილიონიანი მთლიანი ბიუჯეტის ნაწილი ოთხთვიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსი უარყოფს რუსეთისგან 8 მილიონის დაფინანსების მიღებას, ის ადასტურებს რუსულ საკონსულტაციო ფირმასთან თანამშრომლობას.

პატრიოტთა ალიანსმა 2024 წლის არჩევნებზე ვერ მოახერხა 5% ბარიერის გადალახვა, ალტ ინფოს დამფუძნებლები დღეს მიიჩნევენ, რომ მათი ამომრჩევლები ,,ქართულმა ოცნებამ” მიიმხრო, მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნარატივებით დაიწყო პოზიციონირება.

2022 წელს კონსტანტინე მორგოშიამ, პრორუსული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობისა და AltInfo-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, განაცხადა  თავისი ბიზნესის  რუსეთში გადატანის შესახებ.

მორგოშიამ თავისი გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთში „ბიზნესისთვის ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობა” დაასახელა: ,,ფაქტობრივად, უკვე დავასრულე მოლაპარაკებები და ბიზნესაქტივობით გადავდივარ რუსეთის ფედერაციაში… იმიტომ, რომ ჩემი ბიზნესისთვის ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობებია [რუსეთში]”, – უთხრა მორგოშიამ ტვ პირველის ჟურნალისტს.

მან ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც პოზირებს მოსკოვში, კრემლის წინ.

ამ ულტრამემარჯვენე პროკრემლისტური პარტიის მედიაჯგუფის დაფინანსების შესახებ ჩვენ ინფორმაცია მოვიკვლიეთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. დავადგინეთ, რომ  ალტ-ინფოს ერთადერთი ძირითადი დამფინანსებელი ჰყავს – შემომწირველის სახით. ეს კონსტანტინე მორგოშიას მამიდა – ციალა მორგოშიაა, რომელიც კვარტალში საშუალოდ ალტ- ინფოს 140 ათასი ლარით  (საშუალოდ 50  ათასი დოლარით ) აფინანსებდა. თავად ციალა მორგოშია საიდან იღებს ასეთი ოდენობის თანხას? – ჩვენ ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მიღებას ვეცადეთ თავად ალტ – ინფოს წარმომადგენლებთან, თუმცა მათ ინტერვიუს თაობაზე  ჩვენს შეტყობინებებს არ უპასუხეს.

მანამდე, OCCRP-ის პარტნიორის გამოძიებამაც აჩვენა, რომ კონსტანტინე მორგოშიას და მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფმა კომპანიებმა დადეს არაერთი სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი ,,ქართული ოცნების” მთავრობასთან და შეიძინეს სოლიდური უძრავი ქონება თბილისის მახლობლად, მინიმალურ ფასებში.

არაერთი გამოძიება საუბრობს, რომ კონსტანტინე მორგოშია თბილისის მერიის მეშვეობით მილიონობით მოგებას იღებდა.

მორგოშია ფიგურირებდა OCCRP-ის მიერ საქართველოში დაფუძნებული პარტნიორის iFact-ის გამოძიებაშიც, რომელმაც  გამოავლინა, თუ როგორ მოიგო კომპანიებმა, რომლებსაც მორგოშია და მისი ოჯახი ფლობენ, არაერთი სახელმწიფო შესყიდვა და შედეგად როგორ შეიძინეს სახელმწიფოსგან თბილისის გარეუბანში დიდი რაოდენობით უძრავი ქონება ნომინალურ ფასად.

სხვა საგამოძიებო მასალის დოკუმენტებით გამოვლინდა რომ მერიის არქიტექტურული სამსახური საეჭვო სამშენებლო ნებართვებს ექსკლუზიურად გასცემდა Alt-Info-ს ახლად სანქცირებულ დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიაზე, ხოლო სხვათა მსგავსი წინადადებები არაერთგზის იქნა უარყოფილი. შედეგად, პრორუსული და ექსტრემისტული დაჯგუფებების ერთ-ერთმა პირველმა ორგანიზატორმა 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა.

როგორ  Telegram-ი?

პროპაგანდაზე საუბრისას, არ უნდა დავივიწყოთ, რომ  2019-დან 2022 წლამდე Telegram-მა დადებითი როლიც ითამაშა რამდენიმე გლობალურ პროტესტსა და კონფლიქტში:

ასეთი იყო ჰონგ კონგის საპროტესტო აქციები (2019–2020), აქ მომიტინგეებმა გამოიყენეს Telegram დემონსტრაციების ორგანიზებისთვის.

ბელორუსში(2020), სადავო არჩევნების შემდგომი არეულობის დროს ტელეგრამის არხები, როგორიცაა NEXTA, დამოუკიდებელი ახალი ამბების მთავარ წყაროდ იქცა.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, 2022 წლიდან დღემდე: Telegram გახდა მთავარი საინფორმაციო ბრძოლის ველი. სტასიაში ჩვენ გადმოგეცით, თუ როგორ აყვავდნენ ტელეგრამზე  რუსული პროპაგანდისტული არხები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და პროკრემლისტურ ნარატივებს. თუმცა იგივე Telegram -ს ეფექტურად იყენებენ პროუკრაინული არხები, თავად უკრაინის ოფიციალური პირებიც.

სწორედ რუსეთ – უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ გადაწყვიტა Telegram -ზე საკუთარი არხი შეექმნა. და  რადგან  ეს სტატია ქართულენოვანი ტელეგრამის კვლევის ერთ-ერთ იშვიათი მაგალითია, ჩვენ თეონას ვესაუბრეთ იმის გასარკვევად, თუ როგორია ქართულენოვანი აუდიტორიის ქცევა ტელეგრამის პლატფორმაზე თავად არხის ავტორისათვის. ინტერვიუმ კვლავ დაგვიდასტურა  ტელეგრამზე მომხამრებლის ქცევის განსხვავებულობა.

თეონა ცხომელიძე გვესაუბრა, თუ  როგორ ეფექტურად მუშაობენ პროპაგანდისტული არხები ქართულონოვან აუდიტორიაში, იმ ფონზე, როცა ადგილობრივი მედიები და პროდემოკრატიული აქტორები ამ პლატფორმას უყურადღებოდ ტოვებენ.  Telegram-ზე  Cornell უნივერსიტეტის  უახლესი კვლევაც აჩვენებს, რომ ინფორმაციაზე დაფუძნებული თავდასხმების საფრთხის შემცირება, მყისიერ შეტყობინებებზე დაფუძნებულ სოციალურ ქსელებში შესაძლებელია. 

,,თუ  ჩვენი კვლევის შედეგები შთააგონებენ უსაფრთხოების საზოგადოებას გააფართოონ თავისი ყურადღება დასავლეთზე ორიენტირებული სოციალური ქსელების მიღმა და შექმნან მეტი ინსტრუმენტი, რათა შემცირდეს ინფორმაციაზე დაფუძნებული თავდასხმები მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამის იმედი გვაქვს”

ავტორები: 

See the English version here.