,,ევოლუშენის” გაფიცვა: შეხვედრამ პოზიციები უფრო დააშორა
“ევოლუშენში” გაფიცვის მე-8 დღეა. ახალგაზრდებმა გაფიცვის ლოკაციაზე – მექანიზაციის ქუჩაზე, კარვებიც გაშალეს და აპირებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩნენ.
ევოლუშენის და გაფიცული თანამშრომლების შეხვედრა შედგა, თუმცა უშედეგოდ, რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
კითხვებით ჩვენ ევოლუშენს დავუკავშირდით. კითხვებზე: რატომ არ აქვთ ხშირი კომუნიკაცია გაფიცულებთან, რა ხდება სქრინშოთებში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, პასუხად მივიღეთ, რომ უხერხულია კითხვების კვლავ დასმა და პასუხები მათ ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქპოსტებში უნდა ვნახოთ.
ბოლო პოსტი ,,ევოლუშენს” 12 ივლისს აქვთ გამოქვეყნებული. ევოლუშენ საქართველოს ოფიციალური განცხადება გაფიცვასთან დაკავშირებით ასეთია:
“‘ევოლუშენ საქართველო მონაწილეობდა მედიაციის პროცესში, სადაც, კონსტრუქციულ დიალოგში ვიყავით შესაბამის მხარეებთან. სამწუხაროდ, მედიაციის პროცესის განმავლობაში ვერ შევთანხმდით, რაც დასრულდა იმით, რომ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა მიემართა გაფიცვის გზისთვის, ხოლო თანამშრომელთა აბსოლუტური უმეტესობა აგრძელებს მუშაობას. ევოლუშენ საქართველოს სტუდია აგრძელებს ოპერირებას და ამასთან, მივყვებით სამართლებრივად დადგენილ პროცესს და ვიმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.”
ევოლუშენის თანამშრომლებმა გაფიცვა 12 ივლისს დაიწყეს. გაიფიცნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც “ევოლუშენ ჯორჯიაში” არიან დასაქმებულები.
ონლაინ-მედია “მაუწყებლის” პლატფორმამ გავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია „ევოლუშენ ჯორჯიას“ კომპანიის მენეჯერების დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დასაქმებულებისადმი. მენეჯერების ჩატის მიმოწერები „მაუწყებელს“ ანონიმურად მიაწოდეს.
ევოლუშენ ჯორჯიაში გაფიცულთა ძირითადი მოთხოვნებია:
• ხელფასების მატება_ 100% ზრდა ბანქოს მჩეხავების, თამაშის წარმდგენების, სუპერვაიზერებისთვის და ა.შ.; 10%იანი ზრდა მენტორებისთვის; ხელფასის ზრდა სტაჟის მიხედვით; ყოველწლიური ინდექსაცია ინფლაციის მაჩვენებლის შესაბამისად; პროგრამაში “ჩაის დატოვების” ფუნქციის დამატება.
• შრომის კოდექსის დაცვა_შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის ცვლილება ისე, რომ თანხვედრაში იყოს შრომის კანონმდებლობასთან; შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის შემუშავება დასაქმებულთა წარმომადგენლებთან ერთად.
• სამედიცინო პუნქტი_ სამუშაო სივრცეში ექიმისა და სამედიცინო პუნქტის უზრუნველყოფა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება (3 დღე) მენსტრუაციის გამო დასაქმებულების ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესება.
• სანიტარული ნორმები_ სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა და მკაცრი კონტროლი;წყლის რეზერვიუარების დადგმა ყველა შენობაში შესვენებების უზრუნველყოფა_ 8 საათიან ცვლაში ბანქოს მჩეხავებს სულ მცირე 3 ნახევარსაათიანი შესვენება. არაუმეტეს 3 მაგიდის შემდეგ თამაშის წარმდგენებს შესვენებით სარგებლობის უფლება. ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულების უფლება წინაღობების გარეშე.
• “სქრინშოთების” მენეჯერების გათავისუფლება_ იმ მენეჯერების გათავისუფლება რომლებიც ფიგურირებდნენ თანამშრომლების შეურაცხმყოფელ სქრინშოთებში.
• ადეკვატური სამუშაო გარემო_ პროფკავშირის წევრებისადმი არამტრული დამოკიდებულება; სამუშაო სივრცე და ინვენტარი პროფკავშირისთვის; პროფკაცშირისა და დამსაქმებელს შორის პერმანენტული შეხვედრები.
• გაფიცვის დღეების ანაზღაურება_ სახელფასო ანაზღაურება. გამოსაცდელ ვადაში მყოფ გაფიცულ დასაქმებულებთან უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; 20 მაისიდან გაფიცვის დასრულებამდე გათავისუფლებული პროფკავშირის წევრი დასაქმებულების სამსახურში აღდგენა.
გაფიცვას სოლიდარობას უცხადებს კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირი. “ევოლუშენის” წინ გამართულ კინოჩვენებაზე ჩარლი ჩაპლინის “ახალი დროება” აჩვენეს.
სახალხო დამცველი ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლების დაგეგმილ გაფიცვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ განუხრელად იყოს დაცული დასაქმებულთა შრომის უფლებები. დაანონსებული გაფიცვის სავარაუდო მასშტაბის გათვალისწინებით, ომბუდსმენი მოუწოდებს ევოლუშენ ჯორჯიას, აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს დასაქმებულებთან, მათ მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავოს დასაქმებულთა ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.
“ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო და შრომის ღირსეული ანაზღაურება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება. გასათვალისწინებელია, რომ ევროპის სოციალური ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარეს საქართველოც წარმოადგენს, აღიარებს ყველა მუშაკის უფლებას, ჰქონდეს უსაფრთხო, სამართლიანი შრომის პირობები და შრომის სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს. როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ან სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკის გამოთქმა ზოგადად დამსაქმებლების მხრიდან მიუღებელ პოზიციად ფასდება და ხშირად, საფუძვლად ედება დამსაქმებლის მიერ განსხვავებული მოსაზრების გამო მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევა”- ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის ცნობით, საკითხის შესწავლა დაიწყო შრომის ინსპექციის სამსახურმა. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ შრომის ინსპექცია ” ყოველმხრივ და სრულყოფილად შეისწავლის საკითხს და შემჭიდროებულ ვადებში მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას”.
ბაზარზე შემოსვლისთანავე, „ევოლუშენმა“ საკუთარი თავის ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომ, სწავლასთან შეთავსებად სამსახურად პოზიციონირება დაიწყო. „ევოლუშენის“ რეკლამები იმეორებდნენ, რომ სხვა დამსაქმებლებისგან განსხვავებით, კომპანია სამუშაო გამოცდილებას არ ითხოვს, რომ აქ მუშაობის დასაწყებად მხოლოდ უცხო ენის ცოდნა და მონდომებაა საჭირო. „ევოლუშენ ჯორჯია“ საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა.