სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები – ქარტია
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ონლაინმედიის ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ჰომოფობიური შინაარსის შემცველი მუქარებისა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო” – რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სპეცრაზმის მხრიდან ჟურნალისტის ცემის ფაქტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით ეხმაურება.
ორგანიზაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.
ქარტია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული თითოეული ასეთი ქმედება ახალისებს ძალადობას და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს. განცხადებაში ხაზგასმულია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის უკანონო გადაწყვეტილებაც-პარლამენტში რუსული კანონის განხილვაზე ონლაინ მედიების არ დაშვების შესახებ.
“ქარტია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თითოეული ასეთი ქმედება ახალისებს ძალადობას და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს. დამატებით, ონლაინმედიის ჟურნალისტების ისედაც მძიმე უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბოლო სამ დღეში მიღებული, სრულიად უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ონლაინმედიის რეპორტიორებს რუსული კანონის განხილვაზე პარლამენტის შენობაში არ უშვებენ”,- წერია განცხადებაში.
ფოტო: TOK TV