ახალი ამბები
„აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შემდეგ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საერთო განცხადებას ავრცელებენ

„აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შემდეგ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საერთო განცხადებას ავრცელებენ

„აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შემდეგ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საერთო განცხადებას ავრცელებენ. მედიის წარმომადგენლების განცხადებით, არ დაუშვებენ რუსული კანონის მიღებას და ბოლომდე გაუწევენ წინააღმდეგობას.

მათივე თქმით, აღნიშნულა კანონმა რუსეთში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი.

განცხადების სრული ტექსტი:

“ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი, წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე, იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახისგან, ასამარებს დასავლურ მომავალს; რუსული კანონმა რუსეთში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი დარჩა, განდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსეთში საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი.

ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ „შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა.”


ქართული ოცნებამ ერთი წლის თავზე “რუსული კანონი” კვლავ დააინიცირა. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, გარდა ტერმინისა – „უცხოური გავლენის აგენტი“, რომელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ შეიცვლება. მისივე თქმით, კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.