“შენ გაგწევ ახლა გაიტანე კამერათქო” – TV 25 -ის გადამღებ ჯგუფს ე.წ “ოცნების ქალაქის” გადაღებისას თავს დაესხნენ
TV25-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში გადაღებას ცდილობდა ობიექტზე დასაქმებული პირები თავს დაესხნენ და მუშაობაში ხელი შეუშალეს.
ე.წ ოცნების ქალაქის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა ბენეფიციარებისთვის ბინები ჯერ არ გადაცემულა, სწორედ ამიტომ ადგილობრივებს აქვთ ეჭვი, რომ ქართული ოცნება ბინების გადასაცემად წინასაარჩევნო პერიოდს ელოდება.
მაუწყებლის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორც ცდილობს ერთ-ერთი მათგანი წაართვას ოპერატორს კამერა. ჟურნალისტის კითხვაზე თუ სადაა აბრა ან რაიმე მანიშნებელი, რომელიც მათ ობიექტზე შესვლას აუკრძალავს ერთ-ერთი პასუხობს: “მე გეუბნებით, რომ არ შეიძლება შემოსვლა.. შენ რომ გეუბნებიან არ გესმის კაცო.. შენ გაგწევ ახლა გაიტანე კამერათქო” .
საინფორმაციო სამსახურის უფროსი გვეუბნება, რომ გადამღებ ჯგუფს კორპუსის მიმდებარედაც არ მიეცა მუშაობის საშუალება.
“ეუბნებოდნენ, რომ იცავდნენ უსაფრთხოების ნორმებს , მაგრამ რა უსაფრთხოების ნორმებზე იყო საუბარი ჩვენთვის გაუგებარი დარჩა…შემდეგ ამბობდნენ, რომ ჟურნალისტს და ოპერატორს შეიყვანდნენ შიგნით, თუნდაც საცხოვრებელ კორპუსში, მაგრამ კამერის გარეშე” .
მაუწყებელმა მომხდარზე დაუკაშვირდა ეკონომიკის სამინისტროს, სწორედ ეს უწყებაა პროექტის განმახორციელებელი, თუმცა არხის ინფორმაციით მათგან “რეაგირება, როგორც ყოველთვის, არ ყოფილა”.
დღეს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ TV25-ის შეკითხვას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ასე უპასუხა :
„ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა მიუღებელია. გგულშემატკივრობთ, თუმცა ეს კონკრეტული უწყების კომპეტენციაა, რაშიც მთავრობა პირდაპირ ვერ ჩაერევა”.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისას ჟურნალისტებისთვის ხელისშეშლა ტენდენციურ ხასიათს იღებს.
საგამოძიებო უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
განახლება: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჟურნალისტები უწყებაში დაბარებულები არიან გამოკითხვის მიზნით.
მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო აღებულია TV 25-ის მასალიდან.