კეკელიძის N1-ში ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულებს შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიცაა
კეკელიძის N1-ში, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულებს შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიცაა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტის, მარიამ პატარიძის თქმით, გელა მთივლიშვილმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ მანქანაში პოლიცია მას გუდავდა.
იურისტის განმარტებით, ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული.
შსს-ში გვითხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. პრესსამსახურის განმარტებით, მსგავს შემთხვევებზე მიმართვის საფუძველზე მოკვლევას სპეციალური საგამოძიებო სამსახური იწყებს.
ჟურნალისტირი ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი, ასევე სასწრაფოდ გამოიძიონ მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი.
ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, პოლიციელმა ძალის გამოყენებით მანქანიდან ძირს ჩამოაგდო მაუწყებლის ჟურნალისტი რატი რატიანი, ასევე “მაუწყებლის” წარმომადგენელმა ქარტიას უთხრა, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ამავე მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს – ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით , დაკავებულია 18 პირი.