
კლიმატის ცვლილება, რაც უფრო შორს, მით უფრო ახლოს — მსჯელობენ ჟურნალისტები
„ესაა დრო, როცა არქტიკა დადნა და ტემპერატურამ ელვის სისწრაფით მოიმატა; ესაა დრო, როცა პლანეტამ ნაწილებად დაშლა დაიწყო, როცა ფუტკრების პოპულაცია უეცრად განახევრდა.“
— ბილ მაკკეინი, „ნავთობი და თაფლი“
„მოსახლეობას და მათ შორის ჩვენ, ჟურნალისტებსაც, გვგონია, რომ კლიმატის ცვლილებები, რაც ხდება და სადაც ხდება, ჩვენგან შორს არის — როგორც დროში, ისე სივრცეში,“ — ამ სიტყვებით გაიხსნა მსჯელობა, სადაც დასავლეთ საქართველოში მოქმედი ჟურნალისტები კლიმატის ცვლილებების გაშუქების პრაქტიკაზე მსჯელობდნენ.
ფოთში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებმა, საკუთარი გამოცდილების გაზიარების გარდა, გარემოს დაცვასთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, გაშუქების პრობლემებსა და საჯარო გადაწყვეტილებების საჯარო განხილვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
რატომ ფოთი?
ზღვისპირა ქალაქი ფოთი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს — უნიკალურ დაცულ ტერიტორიაზე, რომლის სიგრძე 153 კილომეტრს, ხოლო სიგანე 115 კილომეტრს აღწევს. ეს რეგიონი გამორჩეულია მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, ბუნებრივი ლანდშაფტებითა და ეკოსისტემებით.
ფოთს აქვს ზღვის სანაპირო, რაც ქალაქს ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. აქვე გვხვდება რამდენიმე ტბა და მნიშვნელოვანი მდინარეები — რიონი, ხობისწყალი და სხვა.
როგორ უნდა იმუშაოს მედიამ
გარემოზე ზემოქმედების მქონე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს კანონით ეკისრებათ ვალდებულება, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართონ და საკითხები საჯაროდ განიხილონ. მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ამ მიმართულებით ფორმალურად მოწესრიგებულია, პრაქტიკაში მისი აღსრულება ხშირად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და საზოგადოების რეალური ჩართულობა სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი.
შეხვედრაზე რამდენიმე ძირითად საკითხზე ისაუბრეს, რაც მოსახლეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში დახურულ კარს ან/და ინფორმაციის მიღმა ტოვებს:
სხვა ხალხი — საჯარო განხილვას ესწრებიან არა იმ კონკრეტულ დასახლებაში მცხოვრები ადამიანები, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ხალხი.
სხვა ადგილი — საჯარო განხილვა იმართება არა იმ კონკრეტული ტერიტორიის მიმდებარედ, რომლის გასხვისება/ათვისება იგეგმება, არამედ — მოშორებით.
ჩაკეტილი კარი — გადაწყვეტილებები მიიღება ფორმალური საჯარო განხილვით, მოსახლეობის გარეშე.
გაცურება — საჯარო განხილვის დროს მოსახლეობას „შელამაზებულ რეალობას“ უხატავენ და რეალურ რისკებზე არ საუბრობენ.
სკრინინგი და სკოპინგი
სკრინინგი არის საწყისი ეტაპი, რომლის დროსაც ფასდება, საჭიროა თუ არა დაგეგმილი საქმიანობისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ / EIA) სრულად ჩატარება. ანუ, სკრინინგი არის ფილტრი, რომელიც ადგენს, პროექტი საჭიროებს სრულ გარემოსდაცვით ექსპერტიზას თუ არა.
სკრინინგის პროცესში შესაბამისი სახელმწიფო უწყება განიხილავს პროექტის ტიპს, მასშტაბს, ადგილმდებარეობას და პოტენციურ გავლენას გარემოზე — ჰაერზე, წყალსა და ნიადაგზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ გარემოზე.

სკოპინგი არის სკრინინგის შემდეგი ეტაპი, რომელიც განსაზღვრავს, რა საკითხები და რა მასშტაბით უნდა იყოს შესწავლილი გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ანუ, იგი განსაზღვრავს, რის შესახებ და რამდენად სიღრმისეულად უნდა იყოს დაწერილი გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
სკოპინგის პროცესში ყალიბდება გზშ-ის ანგარიშის შინაარსი, განისაზღვრება, გარემოს რომელი კომპონენტები უნდა შეფასდეს დეტალურად — ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ბიომრავალფეროვნება, ხმაური, სოციალური და ჯანმრთელობის ზემოქმედება და სხვა. რა ალტერნატივები უნდა განიხილონ და რა კვლევები უნდა ჩატარდეს.

გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება)
გზშ არის პროცესი, რომლის დროსაც წინასწარ ამოწმებენ, რა ზიანი ან ცვლილება შეიძლება მოიტანოს დაგეგმილმა პროექტმა გარემოსთვის და ადამიანებისთვის.
სგშ (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება)
სგშ არ ეხება ერთ კონკრეტულ პროექტს, არამედ პოლიტიკებს, გეგმებსა და პროგრამებს. მაგალითად, რეგიონული განვითარების გეგმას, ენერგეტიკულ სტრატეგიას ან ტრანსპორტის მასშტაბურ პროექტებს.

ჟურნალისტებთან შეხვედრა „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით გამართა.
ამავე პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქების გზამკვლევი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ბმულზე.
„დედამიწა იძლევა საკმარისს ყველა ადამიანის მოთხოვნილებისთვის, მაგრამ არა ყველას სიხარბისთვის.“
— მაჰათმა განდი
