Meta-მ საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში წაშალა
80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram ანგარიში – Meta-მ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ეს ანგარიშები კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაშალა. ამის შესახებ META-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.
დოკუმენტის მიხედვით, ქსელი ყოველდღიურად საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ მუშაობდა და ავრცელებდა მის მხარდასაჭერ კონტენტს, აზიარებდა ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიების პოსტებს.
“ქსელი ასევე, აზიარებდა ოპოზიციის კრიტიკას, განსაკუთრებით ბოლო დროს სახალხო პროტესტის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ. ფაქტობრივად, ეს ოპერაცია რეალურ დროში ეხმაურებოდა საპროტესტო მოვლენებს, მათ შორის შუაღამით გამოქვეყნებული პოსტებით. ამ ქსელის უკან მყოფმა პირებმა გამოაქვეყნეს მიმები, ტექსტური სტატიები და კომენტარები ძირითადად ქართულად.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ მათი ვინაობის და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა [ქსელის] კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიულ კომუნიკაციების დეპარტამენტთან“, — ვკითხულობთ ანგარიშში.
Facebook-ის ინფორმაციით ამ ქსელმა რეკლამირებაზე, [როგორც ფეისბუქზე, ასევე ინსტაგრამზე] 33 500 დოლარი დახარჯა.