FAKE: ჯონსონი უკრაინით დაიღალა 

“ჯონსონმა უკრაინა თავის ადგილზე დააყენა! დავიღალეთ უკრაინის შესახებ საუბრით…”, “მსოფლიო დაიღალა უკრაინით – ჯონსონი” – ამ სათაურებით მასალები სოციალურ ქსელში პრორუსულ გვერდებზე 18 ივნისს გავრცელდა. 

მედიები ამტკიცებენ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის თემით გადაიღალა. 

რა თქვა რეალურად ბორის ჯონსონმა? 

უკრაინის შესახებ განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 17 ივნისს გააკეთა

ჟურნალისტებთან საუბრისას ჯონსონმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის დემონსტრირება იმ დროს, როდესაც უკრაინელები “საშინლად იტანჯებიან” დონბასში მიმდინარე რუსული შეტევის გამო. 

” რაც გვაწუხებს არის, ის რომ უკრაინის დაღლილობა იწყება მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანია, ჩვენ [უკრაინას] ვაჩვენოთ, რომ მათთან ერთად ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში და უზრუნველვყოთ სტრატეგიული გამძლეობა, რაც მათ სჭირდებათ“, – თქვა მან.

ასევე ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ “კატასტროფა იქნება” თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს მოიგებს.

ბორის ჯონსონ არსად უთქვამს, რომ ის უკრაინის თემით დაიღალა, პირიქით ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა მათი გამძლეობისთვის. 

ასევე აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო ძალებს მასშტაბური წვრთნების პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობს.

პროგრამის ფარგლებში ყოველ 120 დღეში 10 000-მდე სამხედროს წვრთნა იქნება შესაძლებელი. წვრთნების პირობებში ყოველი უკრაინელი სამხედრო 3 კვირას გაატარებს უკრაინის გარეთ, ისწავლის საბრძოლო უნარებს და ასევე გაივლის სამედიცინო და კიბერ უსაფრთხოების წვრთნებს და ფეთქებადი ნივთიერებების ამოცნობის ტაქტიკებს.

ინფორმაცია გადაამოწმა უკრაინულმა ფაქტჩეკერმა ორგანიზაციამ stopfake.org -მა.

Leave a Comment