ვის ჭრის თავს თავისმოჭრის ვიდეო?

რუსულ ონლაინმედია სივრცეში და ტელეგრამ არხებზე აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც უკრაინულ სამოსში გამოწყობილი ქალი მამაკაცს ნამგლით ჭრის ყელს. თქვენ ვერასდროს დაბრუნდებით სახლში, მოგესალმებით ჯოჯოხეთში – მიმართავს მსახიობი რუს ჯარისკაცებს და ამბობს, რომ უკრაინაში დაღვრილი სისხლის გამო მათ [რუსებს] ყველას მოკლავენ. 

ეს ვიდეო გავრცელდა საქართველოშიც. მაგალითად ფეისბუქ გვერდზე ფანტინა  შემდეგი აღწერით – “ახალი უკრაინული კლიპი ეროვნულობაზე, რომელიც აქტიურად ტრიალებს მათ სატელევიზიო არხებზე, რითი განსხვავდება ფაშისტური იდეოლოგიისგან” გამოქვეყნდა. 

ის, რომ კლიპი უკრაინელების მიერაა მომზადებულ, ,არც ერთი სანდო ოფიციალური წყაროს მიერ არ დასტურდება, არასწორია მტკიცება იმის შესახებაც, რომ თითქოს ეს რგოლი უკრაინულ არხებზე ტრიალებს.

ჩვენ ამ მხრივ უკრაინული არხები დავამონიტორინგეთ. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინის კულტურის მინისტრის ინიციატივით ახალი სატელევიზო პროექტი Freedom დაიწყო. პროექტის ფარგლებში უკრაინაში მოქმედი მედია საშუალებები და ჟურნალისტები ერთობლივად მუშაობენ და მასალებს რუსულ ენაზე ავრცელებენ. პროექტი 10 მარტს, კიევის დროით 21:00 საათზე დაიწყო და ის 24/7- ზე მაუწყებლობს. პროექტში მონაწილეობას იღებენ StarLightMedia, 1+1 Media, Inter Media Group, Media Group Ukraine, უკრაინის მულტიმედიური ინოვაციის პლატფორმა. ამ არხზე აღნიშნული კლიპი საერთოდ არ გასულა. ვიდეო რგოლი არ ყოფილა არც INTER-ის ეთერში. 

რუსული მედია კლიპის სპონსორობას ამერიკაში უკრაინის ქალთა ეროვნული ლიგას [UNWLA] მიაწერს.

რას წარმოადგენს  უკრაინის ქალთა ეროვნული ლიგა UNWLA? 

UNWLA არაკომერციული ორგანიზაციაა და ის ნიუ-იორკში ფუნქციონირებს. მათი საიტზე განყოფილების ,,ჩვენ შესახებ”-ის მიხედვით, UNWLA 1925 წელს 5 ქალმა ჩამოაყალიბა. ორგანიზაციის მიზნებია: უკრაინაში მომხდარი მოვლენების შესახებ თავისუფალი სამყაროს ინფორმირება, კულტურული მემკვიდრეობის და ეთნიკური ტრადიციების შენარჩუნება აშშ-ში.

იმის გასარკვევად იყო თუ არა UNWLA კლიპის სპონსორი JRC-ის რედაქციამ თავად ორგანიზაციას მიმართა. მათგან მიღებული ოფიციალური პასუხის მიხედვით, მათ ვიდეორგოლთან არანაირი კავშირი არ აქვთ. 

” UNWLA-ს არაფერი აქვს საერთო ამ ვიდეოსთან. კლიპი რუსული პროპაგანდის ნაწილია და რუსულ პოპულისტურ არხებზე გავრცელდა.” – მოგვწერეს ორგანიზაციდან.