5 ივლისიდან 2 წლის შემდეგ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დაუსჯელობა 2 წლის თავზე, აზიანებს მედიაგარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს – ასე ეხმიანება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2021 წლის 5 ივლისს მოვლენებს.

ორი წლის წინ, 2021 წლის 5 და 6 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.

მედიის 53 წარმომადგენელს შორის იყო TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში მიაჩნიათ, რომ 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ქარტიის განცხადებით

“დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული ძალადობის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია და რომლებიც დღესაც პირდაპირ ეთერში ჩადიან დანაშაულს და მოუწოდებენ ხალხს ძალადობისკენ”.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე მიუთითებს მედია ომბუდსმენიც და აღნიშნავს:

“ხელისუფლება ვალდებულია გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების დროს დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ჩამდენები და ორგანიზატორები. სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტები და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები. ამასთან ერთად, ხელისუფლება პასუხისმგებელია მიიღოს სათანადო ზომები 2023 წლის 8 ივლისს დაანონსებული ძალადობის და დანაშაულების შესაჩერებლად“.

განცხადებაა გაავრცელა მედიის ადვოკატირების კოალიციამაც. კოალიციის წევრების განმარტებით, ჟურნალისტებისა და ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე საჯარო მუქარების გათვალისწინებით, ხელისუფლების ვალდებულებაა მათი უსაფრთხოების დაცვა, რათა პროფესიული საქმიანობა შურისძიებისა ან თავდასხმის შიშის გარეშე შეძლონ.

“დღევანდელ დღეს ჟურნალისტები განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლები კვლავ ძალადობის, მიზანმიმართული დეზინფორმაციის თუ ბოიკოტის სამიზნეები არიან. არსებულ ვითარებაში კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას საფუძვლიანად გამოიძიოს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები და პასუხისგებაში მისცეს 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. ” – ვკითხულობთ განცხადებაში.

2021 წლის 5 ივლისიდან შემდეგ პოლიციამ ძალადობრივი ქმედებებისთვის 31 ადამიანი დააკავა. მათ უმეტესობა ახლა თავისუფალია. ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.